Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გასულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

სუს-ის განცხადებით, ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.

განცხადების თანახმად, გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

ამ ეტაპზეც, როგორც სუსი აცხადებს, საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.​

სუს-მა სპეცოპერაცია თბილისში 12 ივნისს ჩაატარა.

დღეს, 15 ივნისს, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

როგორც გვარამია ამბობს, საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

მალევე გაბუნიას სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააპროტესტეს, სადაც არხიდან მისი წასვლა და მენეჯმენტის შეცვლა მოითხოვეს. „რუსთავი 2"-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. „დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, - აღნიშნა პუტინმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

XS
SM
MD
LG