რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაადასტურა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ორივე ახალი პაციენტი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. ისინი ცხინვალში ვოლგოგრადიდან დაბრუნდნენ.
დე ფაქტო ხელისუფლებას მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 68 შემთხვევა, მათგან 34 გამოჯანმრთელების. პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.
ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა 268 პირი. დე ფაქტო მთავრობამ რუსეთს თხოვა ტესტების ახალი პარტიის შეძენაში დახმარება.