Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: 4 დაუდგენელი ახალი შემთხვევა არის ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერი


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საგანგაშოა კოვიდ-19-ის 4 ახალი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 4 ახალი შემთხვევა, რომლის წყარო დაუდგენელია, ფაქტობრივად 4 ახალ კლასტერს ნიშნავს და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით დიდი რისკის შემცველია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიხსნა და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ნაკლები შეზღუდვებით იცხოვრონ, არ უნდა შეიქმნან ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან, 4 -ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, ამ 4-დან სამი შემთხვევა კი თბილისშია დაფიქსირებული.

ბოლო 6-დან 5 შემთხვევის შესახებ ცნობილი 10 ივნისს, საღამოს გახდა, ერთი კი დღეს, 11 ივნისს, დილით დადასტურდა.

ამ დროისთვის, საქართველოში სულ დადასტურებულია 828 შემთხვევა. მათგან 694 გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი.

XS
SM
MD
LG