თბილისს ყოველთვის უჭირდა სიმწვანის, ხეებისა და ჩრდილების თვალსაზრისით. ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ძველად, 100 და 200 წლის წინ, თბილისი მწვანეში ჩაფლული ქალაქი იყო და ცხელი ზაფხულიც იოლად გადაჰქონდათ იმ ძველ თბილისელებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. თბილისის დღევანდელი მწირი სიმწვანეც კი ბევრი ადამიანის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია და ყოველი მოჭრილი თუ გამხმარი ხე, დიდი ნაბიჯებით გვაბრუნებს უკან თბილისის მოშიშვლებულ ქუჩებსა და მის ხრიოკ შემოგარენში.
„არა მგონია, დედამიწაზე მოინახებოდეს მეორე ქალაქი, რომელიც ისე იყოს უპატრონოდ და ღვთის ანაბარად მიგდებული, როგორც ჩვენი ტფილისი...“ - წერდა შორეულ 1878 წელს გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი და ბევრ სხვა მიზეზთა შორის („ბინძური ქუჩები, აყროლებული მაიდნები, ნაგვითა და უწმინდურობით სავსე ეზოები“) ასახელებდა ბაღების - მწვანე სივრცეების ნაკლებობას და ვინმე შენინგის მიერ „ალექსანდროვის“ ერთადერთ ბაღში გელათის მყრალი ნახშირის გამოყენებას.
„...მთელი ბაღის ჰაერს აფუჭებს. ეს, რასაკვირველია, „საქებია“ იმის მხრით, მაგრამ ჩვენ, ქალაქის მცხოვრებლებმა, რომელთაც ამ ზაფხულში სხვაგან სადმე წასვლის ბედნიერება არ გვღირსებია და საღამოობით მაინც სულის მოსაბრუნებლად ეს ერთადერთი ბაღი დაგვრჩენია, ჩვენ რაღა დავაშავეთ, რომ სუნთქვას გვიბუგავს და ჰაერს გვიფუჭებს!“
ბაღებისა და სკვერების თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობა არც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო. „დღეს ამოდენა ქალაქს მარტო ორი ბაღი აქვს თითქმის. ერთი ალექსანდროვის ბაღი და მეორე მუშტაიდი“, - ჩიოდა ილიას „ივერიაც“
მუშტაიდის ბაღი 1829 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში მისი დამაარსებლის, მირ-ფეთე-აღა სეიდის კერძო ბაღად რჩებოდა, ვიდრე სეიდი არ გარდაიცვალა და მთავარმართებელმა ბარიატინსკიმ მისი ბაღი „პუბლიკისათვის სასეირნოდ და სალხინოდ არ გაადიდ-გაალამაზა“.
რუსთაველის (ყოფილი გოლოვინის) გამზირიც კი ვერ დაიკვეხნიდა მაღალი, ფართოვარჯიანი ხეებით, თუმცა მოსეირნენი ზაფხულის საშინელ პაპანაქებაშიც ვერ თმობდნენ ამ ქუჩას, რაც დიდად ახალისებდა გრიგოლ ორბელიანს, რომელსაც 1862 წლის 12 აგვისტოს გრიგოლ დადიანისთვის მიუწერია:
„ტფილისში იყო საშინელი გაუძლებელი სიცხე. საკვირველი სანახავია და ამასთან სასაცილოცა, რომ იმ საზარელ სიცხეში და მტვერში ქალები გულდამშვიდებით და კოხტაობით მიმოსეირნობენ გოლოვინის პროსპექტზედ“.
საქმე ისაა, რომ იმ დროში ქუჩების გამწვანება სახლის მეპატრონეების ნებაზე იყო დამოკიდებული. ისინიც, რა ჯიშის ნერგიც მოხვდებოდათ, იმას რგავდნენ ან საერთოდაც არაფერს არა რგავდნენ. როგორც 1938-1953 წლებში საქართველოს ცკ-ს პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ჩანაწერებიდან ირკვევა, გამზირის ორგანიზებული გამწვანება მხოლოდ 1927 წლიდან დაიწყო. მანამდე კი, რუსთაველზე ზაფხულობით „მძლავრად იგრძნობოდა სამხრეთიდან მონაბერი ნახევარუდაბნოსა და უწყლო ველების სუნთქვა“.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისის ლანდშაფტში მასობრივად შემოდის მწვანე ფერი:
საქ. მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახ. ინსტიტუტის ცნობარის (1957 წ.) მიხედვით, 1930-1950 წლებში თბილისის ტერიტორიაზე დაირგო 5,5 მლნ-ზე მეტი ხე! 1954 წლისთვის საზოგადოებრივი მოხმარების მწვანე მასივებისა და ნარგავების ფართობმა 490 ჰექტარი (1937 წელს მხოლოდ 160 ჰა იყო) შეადგინა.
სწორედ ამ დროინდელია ის ცნობილი დავა ჭადარსა და კედარს შორის, რომელშიც აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი და ცკ-ს პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი მონაწილეობდნენ: კეცხოველი ჭადარს არ სწყალობდა. ის თბილისში ჰიმალაის კედრის გაშენებას უჭერდა მხარს, ჭადარზე კი ამბობდა, ბუსუსებს ავრცელებს, სურდოს იწვევს, დიდი ზომისაა და ქალაქში უხერხულობას ქმნისო, თუმცა ბოტანიკოსის მიერ მოტანილი ეს არგუმენტები „გადაწონა“ კანდიდ ჩარკვიანის არგუმენტებმა: „ჭადარი - მონუმენტური სილამაზის გარდა - სიგრილისა და ჟანგბადის უშრეტი წყაროა, რასაც ჩვენი ცხელი, ძნელად გასანიავებელი, ხეობაში ჩამჯდარი ქალაქისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქალაქის ქუჩებში, როგორც წესი, ფოთლოვანი ჯიშები ირგვება და ეს შემთხვევითი არ არის. ქუჩაში ხეების შპალერმა ზაფხულობით ჩრდილი უნდა მოგვცეს. ეს არის მისი ყველაზე ხელშესახები ფუნქცია.
კედრის ვარჯი ისეთი ფორმისაა, რომ კარგ ჩრდილს მისგან ვერ მივიღებთ, ხოლო თუ ქვედა ტოტები არ შეაჭერით, ტროტუარზეც ვერ ივლით. მეორე და უფრო არსებითი ნაკლი ამგვარი გამწვანებისა კი ის არის, რომ კედარი ზამთარშიც, როცა მზეა საჭირო, ქუჩებს, სახლებს, ასე თუ ისე, მაინც ჩრდილავს და აბნელებს. სულ სხვაა ფოთლოვანი ხე, კერძოდ ჭადარი. ის ზაფხულში ხშირ ჩრდილს იძლევა, ზამთარში კი, ფოთლების დაცვენის გამო, მზის სხივებს ხელს არ უშლის. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ქუჩაში დარგული ფოთლოვანი ხე ჰგავს ქოლგას, რომელიც ზაფხულში გაშლილია და მზისგან გვიცავს, ზამთარში კი დაკეცილია და მზეს არ გვიჩრდილავს.“
ჭადრებით, კედრებით, ნაძვებითა და ფიჭვებით გამწვანდა მთაწმინდისა და ვაკის პარკები.
მთაწმინდის პარკის გახსნამდე (1938 წლის 24 ივლისი) მთის კალთები და პლატო მოშიშვლებული იყო, რაც კარგად ჩანს კიდეც ძველ ფოტოებზე. მოგვიანებით ხელოვნური ნარგავები კოჯრამდე და ოქროყანამდეც გაგრძელდა.
1946 წელს დაიწყო ვაკის პარკის გაშენება 150 ჰექტარზე, რაც, რელიეფის გათვალისწინებით, დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: ვარაზის ხევის ჩამონადენი და კუს ტბის მოცულობა ვერ აუდიოდა ათობით ათასი ნერგის მორწყვას, ამიტომ გადაწყდა მტკვართან წყლის საქაჩი სადგურის აშენება და მისი საშუალებით სითხის აქაჩვა კუს ტბამდე.
პარკის არქიტექტურული პროექტი შეადგინა ქუჩუ დგებუაძემ, დენდროლოგიურისა - ნელი ციციშვილმა. პარკის მთავარ ხეივნებში დაირგო ჭადარი, კაკალი, მუხა, ჰიმალაის კედარი, ვერხვი.
„ამ იშვიათ ადგილზე, სადაც მოხერხებულად არის შერწყმული ლამაზი რელიეფი მთის ტბის სილამაზესთან, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ხელოვნების ნამდვილი ნიმუში“, - იტყვის წლების შემდეგ ნელი ციციშვილი - თბილქალაქპროექტის მთავარი არქიტექტორი, რომელსაც მთაწმინდის ჩრდილო კალთის გარდა, ასევე დაპროექტებული აქვს მრავალი ბაღი და პარკი თბილისში.
თბილისის შემოგარენიც გამწვანდა, გაჩნდა 400 ჰექტარი ტყე. წყნეთში დაირგო 150 ათასი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე: 12 ათასი თეთრი აკაცია, 53 ათასი ხეხილის ნერგი და 100 ათასამდე ფიჭვი, რომლებიც ბაკურიანიდან, ახალდაბიდან და ხაშურის რაიონიდან ჩამოზიდეს.
1951 წელს წყნეთის პლატოს შუაგულში დამატებით გაშენდა 40 ჰექტარი პარკი, რომლისთვისაც სარწყავი წყალი კვლავ მტკვრიდან იტუმბებოდა.
1989 წლისათვის თბილისის გამწვანების კოეფიციენტმა მაქსიმუმს მიაღწია: ქალაქი ითვლიდა კულტურისა და დასვნების 7 პარკს (267 ჰა), 9 პარკს (91 ჰა), 7 ბაღს (20 ჰა), 476 სკვერს (212 ჰა), 6 ბულვარს (9 ჰა), ხოლო ქუჩის მწვანე ნარგავების საერთო ფართობი შეადგენდა 390 ჰექტარს. ამ დროს თბილისის გამწვანების კოეფიციენტი (მწვანე საფარის ფართობი 1 მოსახლეზე) 13 მ2 იყო, 2001 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 მ2 -მდე შემცირდა. ამის შემდეგ თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზრდა, თუმცა მწვანე საფარის ფართობი, რბილად რომ ვთქვათ, არ გაზრდილა. შესადარებლად: ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 1 მოსახლეზე 35.5 მ2-ია. მსოფლიოში ყველაზე გამწვანებულ ქალაქად ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 მ2 სიმწვანე მოდის.