საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკების შესახებ ჟურნალისტებთან ილაპარაკა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ.
მინისტრმა წარმატებული უწოდა რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტში შესულ შესწორებას. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც თქვენი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: ჩვენი მოლაპარაკება გაზის ყველა მომწოდებელთან, რასაც ამ ბოლო დროს ვაწარმოებთ, მათ შორის, „გაზპრომთან“, არის წარმატებული. თითოეული ცვლილება და დაზუსტება, რომელიც შედის კონტრაქტში და ეს არ არის ახალი კონტრაქტი (წლის ბოლომდე დადებული კონტრაქტია), მორიგი დაზუსტებები შევიდა, ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში“, - თქვა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი მიანიშნებს საქართველოს ბაზრისთვის ბუნებრივი აირის ფასის კლების შესახებ. „თქვენ შეგიძლიათ ისიც დაინახოთ, რომ (მიუხედავად იმისა, რომ კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტული ფასების შესახებ მოკლებული ვართ შესაძლებლობას) საქართველოს ბაზარზე საბითუმო ფასები ბუნებრივ აირზე ქვევით მოდის. იქნება ეს გაზგასამართი სადგურების ფასები თუ ისეთი საწარმოების გაზმომარაგება, როგორიც არის აგარის შაქრის კომბინატი, ამაზე პრემიერიც საუბრობდა და სწორედ, ჩვენს ხელთ არსებული გაზის რესურსის გამო გახდა შესაძლებელი, რომ აგარის შაქრის კომბინატი ამ დღეებში ამოქმედდა“, - აღნიშნა მან.
ნათია თურნავამ განმარტა ბუნებრივ აირზე ფასის კლების მიზეზებიც. „ეს არის სრულიად კომფორტული, კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას. ფასები თქვენ თუ ატყობთ, ბაზარზე იკლებს, ეს არის კონკურენციის შედეგი. ასევე არის აზერბაიჯანულ გაზზე ფასის კლების ტენდენცია. აქ არის ორი ფაქტორი: ერთი, მსოფლიოში გაზის ფასი იკლებს და ბუნებრივია ამას მოჰყვება ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებები. მეორე, ეს არის კონკურენცია. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება (როგორიც არის ნავთობი და ბუნებრივი აირი), ჩვენ კონკურენტული ვითარების წყალობით ვახდენთ ფასების შემცირებას“, - დაამატა მინისტრმა.
სააგენტო „ტასს“ განუცხადეს „გაზპრომის" პრესსამსახურში, რომ კომპანიამ საქართველოსთან ახალი შეთანხმებით მტკიცედ გამოხატა გაზის შერჩევის შესახებ ქვეყნის ვალდებულება. ამასთანავე, ფასი იქნება ისეთივე, როგორც იყო ადრე, წლიური 100 %--ის გამომუშავებისას.
„საქართველოსთვის ფასი იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, წლიური 100 %-იანი საკონტრაქტო მოცულობის გამომუშავებისას. ახლა, ამ შერჩევის ვალდებულებები მტკიცედაა დაფიქსირებული“, - აცხადებენ „გაზპრომში“.
სააგენტო „ტასის“ თანახმად, საქართველოს რუსეთისგან გაზი 2006-დან 2019 წლამდე არ შეუძენია, ქვეყანა რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული გაზის ტრანზიტის 10%-ს იღებდა. 2017 წელს რუსეთმა საქართველოს ტრანზიტის საფასური ნაწილობრივ თანხით, ნაწილობრივ კი ნედლი პროდუქცით გადაუხადა. ხოლო 2018 წელს მხოლოდ თანხით აუნაზღაურა.