ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლისგან განგრძობადი ძალადობის მსხვერპლი იყო და საქმეში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინციდენტზე არ არის საუბარი. პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ანა თავხელიძემ განაცხადა, რომ ძალადობა ხდებოდა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ადგილას:
"ეს არის დამატებითი გამოძიების საგანი და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.
მისი თქმით, დაცვის მხარეს სათანადო მტკიცებულებები აქვს, თუმცა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობიდან გამომდინარე, მათ გასაჯაროებას არ აპირებს.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ამ თემაზე ასევე ნახე: