მომდევნო ორ-სამ დღეში, ანუ 23 მაისამდე, პარლამენტმა უნდა განიხილოს და შემდეგ მხარი დაუჭიროს ცვლილებათა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც, როგორც წესი, იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში და, რაც მთავარია, აუცილებლად პარლამენტის მხარდაჭერით.
აი, მაგალითად, კანონპროექტის თანახმად, თუკი მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ასე სჭირდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეგვეზღუდოს თავისუფლად გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით, თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას.
ცვლილებები დეტალურად
ცვლილებების პაკეტი, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს, უმრავლესობის წევრებს, დიმიტრი ხუნდაძეს, ილია ნაკაშიძეს, ვლადიმერ კახაძეს, ზურაბ ხაჩიძეს, კობა ნაკაიძეს და დიმიტრი მხეიძეს ეკუთვნით.
კანონპროექტის ავტორები და ასევე უმრავლესობის სხვა წევრები, ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ იმისათვის, რათა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების, ანუ 22 მაისის შემდეგ, „კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული“.
რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილს, ცვლილებები შედის კანონის სამ მუხლში:
მესამე მუხლში, რომლის თანახმადაც, ტერმინი „იზოლაცია“ (ეს ტერმინი კანონში აქამდეც არსებობდა) უნდა განისაზღვროს ასე: „ავადმყოფის, ინფიცირებული ან შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას“.
ანუ, რომ განვმარტოთ, მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, ტერმინს „იზოლაცია“, გარდა „ავადმყოფისა“ და „ინფიცირებულისა“, დაემატა კიდევ ერთი განსაზღვრება „შესაძლო ინფიცირებული“.
ამავე მუხლში შესატანი ცვლილებების თანახმად, ტერმინი „საკარანტინო ღონისძიებები“ განმარტებულია შემდეგნაირად: „ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად“.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, „საკარანტინე ღონისძიებები“ გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
ანუ, ცვლილებების შემთხვევაში, „საკარანტინე ღონისძიებებს“ ემატება თითქმის ყველა ის შეზღუდვა, რაც, როგორც წესი, საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება ხოლმე.
სწორედ ეს ცვლილება იქცა მთავარ საკამათო საგნად კანონპროექტის ავტორთა და მათ ოპონენტებს შორის. კანონპროექტის ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ცვლილებების დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მათი დამტკიცებით, პარლამენტი აღმასრულებელ ორგანოს იმ უფლებას გადააბარებს, რაც შესაძლოა, ბოროტად იქნას გამოყენებული მთავრობის ხელში.
19 მაისის ბიუროს სხდომაზე, სადაც კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საკითხზე იმსჯელეს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, ცვლილებების ამ სახით მიღება გააკრიტიკა და თქვა, რომ ყველა შეზღუდვა, რაც კი შეიძლება ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე დაწესდეს, პარლამენტის მიერ უნდა იქნას განხილული და დამტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, გამოდის, რომ პარლამენტი ფარ-ხმალს ყრის:
„ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, გამოკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება ადამიანების თავშეყრისა და გამოხატვის და თან ეს ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს. ცვლილებათა კანონპროექტში აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, რომ ყველა ეს შეზღუდვა, რომელიც აქ არის მითითებული, საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას. ეს არის მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბოროტად. ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამგვარი ცვლილების მიღებით, „ქართული ოცნება“ სამომავლოდ ფართო უფლებამოსილებას აძლევს ყველა სხვა მთავრობას, ჩაერიოს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში:
„მე ამ კანონპროექტს მხოლოდ იმიტომ კი არ ვეწინააღმდეგები, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, არამედ იმიტომ, რომ ეს ცვლილება საშუალებას მისცემს მთავრობებს, პარლამენტის უკითხავად გააკეთოს ის, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოცემულ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი იმ კრიტერიუმებზე, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა ამოქმედდეს შეზღუდვები. მარტივი შეკითხვა მაქვს, მაგალითად, ასკაციანი დასახლება ინფიცირების მერამდენე შემთხვევაზე უნდა ჩავკეტოთ? ერთი ინფიცირებული რომ დაფიქსირდება მაშინ, თუ 20? რა არის კრიტერიუმი? როდესაც მთავრობებს ვუტოვებთ შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პანიკის დროს ზომაზე მეტად დაგვაზიანოს ისე, რომ შემდეგ ანგარიში პარლამენტსაც კი არ ჩააბაროს, ეს არის დიდი შეცდომა“.
არაკონსტიტუციული ცვლილებები?
ის, რომ ცვლილებათა პაკეტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამას რადიო თავისუფლებასთან ამბობს კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილიც.
ყველა ის უფლება, რაც კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება იყოს შეზღუდული, საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული. მათ შორის, შეკრების თავისუფლება, პროფესიული და ეკონომიკური თავისუფლება და ა.შ. კონსტიტუციონალისტის თქმით, ეს უფლებები იზღუდება, მხოლოდ და მხოლოდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე და მას შემდგომ პარლამენტი ამტკიცებს.
ზურაბ ჯიბღაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ დავუბრუნდებით ისევ იმ მდგომარეობას, რომელიც მოქმედებდა 21 მარტამდე (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე), როდესაც გვქონდა მთელი რიგი შეზღუდვები, ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე. თუმცა, ამჯერად, განსხვავება ისაა, რომ უმრავლესობა ცდილობს, შეზღუდვებს სწორედ ეს საკანონმდებლო საფუძვლები მოუძებნოს:
„ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ლაპარაკია ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის შენარჩუნებაზე, მაგრამ კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლებების შეზღუდვა ხდება მხოლოდ საკანონმდებლო სტანდარტით. ანუ, საგანგებო მდგომარეობის ფიქსაციას ახდენს პარლამენტი. სხვა შემთხვევაში, ამ ძირითადი უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება. ეს უფლებები ვერ შეიზღუდება საკანონმდებლო სტანდარტს ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილებით. და ამჯერად რა გამოდის, შეზღუდვების ამოქმედებაზე გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. ანუ, საგანგებო მდგომარეობის მასშტაბების შეზღუდვები ამ დონემდე დაჰყავთ. ყველანაირი საკანონმდებლო სტანდარტი, რაც ამ სტანდარტის მთავარი ფილოსოფიაა და რაზეც დგას ჩვენი კონსტიტუცია, რომ ხელისუფლება შეზღუდულია ხალხის უფლებებით, როგორც მოქმედი სამართლით, აი, სწორედ ამ ფილოსოფიის ნგრევა ხდება ახლა“.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დაწესებული შეზღუდვების არაკონსტიტუციურობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“:
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, პარლამენტის როლი განმსაზღვრელია. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებაა, დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობა და ამ მდგომარეობის დროს უფლებათა შეზღუდვის მასშტაბები. საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის მხრიდან საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ვითარებაში მეტია ადამიანის უფლებათა არაპროპოპორციული შეზღუდვის რისკი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში პარლამენტს ფაქტობრივად არ განუხორციელებია საპარლამენტო კონტროლი და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე არ უმსჯელია. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად კი, სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა. პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს“.
უარყოფითად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც".
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამახვილებს ყურადღებას, ეს არის იმ ფიზიკური პირების კომპენსაციის საკითხი, რომლებიც გაუქმებული საგანგებო მდგომარეობის, მაგრამ შენარჩუნებული შეზღუდვების პირობებში, შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდნენ, თუმცა, ისინი მოკლებულნი იქნებიან კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას.
ანუ, თუკი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მეცამეტე მუხლის თანახმად, „იმ პირებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის ან მისი თავიდან აცილების დროს მიადგათ მატერიალური ზარალი, სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზარალი“, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ამ ვალდებულებას იხსნის. ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ:
„ვინაიდან კანონპროექტის მიზანია პანდემიისა ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული სიტუაციის მართვა, კანონპროექტმა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს იმ პირთა გარკვეულ რაოდენობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიოში მოქმედი გაიდლაინებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ზუსტდება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები, ხოლო ფიზიკურ და იურიდიულ პირებისთვის უარყოფითი ფინანსური შედეგები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.
ზურაბ ჯიბღაშვილის თქმითვე, საგანგებო მდგომარეობის დარი შეზღუდვების შენარჩუნებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საარჩევნო პროცესის სამართლიანობის საკითხიც. როგორც ის ამბობს, ამ პერიოდში უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, მათ შორის, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, რაც შეზღუდვების პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება 19 მაისს, ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმაც - „იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე“, - ასე მიმართა მან კოლეგებს. როგორც ის ამბობს, თუკი მომდევნო თვეებში ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს, მაშინ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს, რადგან, მისი თქმით, არ შეიძლება, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, რომ თუნდაც ერთი შემთხვევის აღმოჩენის დროს, მისთვის არასასურველი საარჩევნო უბანი დაკეტოს და იზოლაციაში მოაქციოს.
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გამართულ დისკუსიას ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ამბობს, რომ შეზღუდვები იქნება გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული“:
„ამასთან, გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში. ამიტომ ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და, რა თქმა უნდა, ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება“.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების საკომიტეტო მოსმენები 21 მაისს დასრულდება. პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად კი 21-22 მაისი განისაზღვრა.