შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთი ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID – 19-ით ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ ილაპარაკა.
„იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გავრცელება ამ ვირუსის“, - ამბობს ციხელაშვილი.
სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს ოკუპაციის და ჩაკეტილობის (განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან) გამო შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის ობების პირობებში.
„ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამისს კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით. განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის. დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში“, - თქვა მინისტრმა.