Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რომ გითხრათ, რომ კარი შემოგვინგრიეს, მოგატყუებთ“ - რა პირი უჩანს ვაჭრობას?


სავაჭრო ობიექტების ნაწილზე რეგულაციები მოიხსნა, თუმცა მაღაზიების მფლობელები ოპტიმიზმით მაინც არ გამოირჩევიან. ისინი ამბობენ, რომ ხალხი მოდის, მაგრამ ძალიან ბევრიც არა.

მაღაზიებს რიგები უდგათ, მაგრამ ეს რიგები მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციის გამოა წარმოქმნილი. სავაჭრო ქსელში, სადაც სარემონტო საშუალებები იყიდება, ვერ ამბობენ, როგორი იქნება ვაჭრობა უახლოეს მომავალში. კომპანიის წარმომადგენელი ნუცა იმნაძე რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ კლიენტები არიან, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე იყვნენ.

„არც ძალიან ბევრია და არც ძალიან ცოტა. ჯერჯერობით საკმარისი დრო არაა გასული, რომ რამე პროგნოზი გაკეთდეს, ჯერ ზარალსაც ვერ ვაფასებთ“, - ამბობს ის და უსაფრთხოებაზეც ლაპარაკობს. - „ყველა მაღაზიამ, არა მარტო ჩვენ, გავიარეთ შემოწმება და ვიცავთ წესებს. მაღაზიაში შემოსვლამდე მომხმარებელს სიცხეს ვუზომავთ. პირბადის ტარება აუცილებელია. სადეზინფექციო სითხის ბოთლები კუთხეებში არის განთავსებული და მომხმარებელს შეუძლია ხელები დაიმუშაოს“.

მაღაზიების ქსელმა, რომელიც ჭურჭლითა და სხვადასხვა აქსესუარით ვაჭრობს, ჯერ მხოლოდ ორი ფილიალი გახსნა. როგორც მენეჯერი აცხადებს, ისინი მოძრაობის სრულად აღდგენას ელოდებიან, რათა მაღაზიამდე მომხმარებელმაც შეძლოს მისვლა და თანამშრომელმაც.

„რომ გითხრათ, რომ დიდი შემოტევა გვაქვს, არა! თუმცა ხალხი დადის. სათითაოდ ვუშვებთ“, - ამბობს ის.

კერამიკის ნივთებით მოვაჭრე მაღაზიის დირექტორი ნატო ერისთავი კი ამბობს, რომ მათთვის დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან მათ ნაწარმს ძირითადად ტურისტები და რესტორნები ყიდულობდნენ, რომლებიც რეგულაციების მოხსნის შემდეგაც არ ჩანან:

„რომ გითხრათ, რომ კარი შემოგვინგრიეს, მოგატყუებთ. რამდენიმე ადამიანი შემოვიდა. ჩვენ არ ვართ პირველადი მოხმარების ნივთების მაღაზია და ამიტომ ძალიან დავზარალდით. ინტერნეტითაც ვვაჭრობდით, ძალიან დიდი ფასდაკლება გვქონდა. ის სეგმენტი, ვისაც კრიზისშიც ჰქონდა ფული და ონლაინ ყიდულობდა, ისევ ონლაინ ყიდულობს. ახლა, ფაქტობრივად, გადარჩენაზე ვართ“.

ნატო ერისთავი ამბობს, რომ, ორი თვეა, თანამშრომლებისთვის ხელფასის მიცემას ვერ ახერხებს და, შესაბამისად, ვერც სამუშაოდ გამოჰყავს:

„მთავრობისგან ის შეღავათი მაქვს, რომ როდესაც ხელფასებს გადავიხდით, იმის საშემოსავლოს არ დამიბეგრავენ, მაგრამ ისედაც ვერ ვიხდით ხელფასებს. რაც გვაქვს, იმის ამოყიდვაზე ვართ. ახალი არაფერი იქმნება. შეკვეთები, რაც ჩვენი ძირითადი შემოსავალია, არ არის. ეს ყველაფერი რომ გაიყიდება, ან დავიკეტებით, ან, არ ვიცი, რა იქნება“.

ორი დღეა, ამუშავდა წიგნების მაღაზიებიც. საგამომცემლო სახლ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი, ზვიად კვარაცხელია, ამბობს, რომ ამ შეზღუდვების შედეგად გამომცემლობებმა იმდენად დიდი ზარალი ნახეს, რომ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას დიდი დრო დასჭირდება:

„ყველა გამომცემლობა დაზარალდა. აღარც ღონისძიებები იმართება,აღარც ფესტივალები. ყველაფერი გაძვირდა, წიგნის გარდა, მაგრამ თუ დოლარის კურსი მოიმატებს, იძულებული ვიქნებით, ჩვენც გავზარდოთ ფასები. შემოდის ხალხი მაღაზიაში, თუმცა ადრე თუ ათ წიგნს შეიძენდნენ, ახლა ერთს ყიდულობენ“.

თბილისის წიგნის ფესტივალი, რომელიც მაისის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო და რომელზეც დიდი რაოდენობის წიგნები იყიდება ხოლმე, საგანგებო მდგომარეობის გამო გადაიდო. მის ნაცვლად გამომცემლები წიგნის ვირტუალური ფესტივალის ჩატარებას გეგმავენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG