Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითაშვილი ონის კასკადზე: პოლიტიკოსები და არასამთავრობოები მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებენ


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, დეზინფორმაციული, უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივიც კი იყო განცხადებები, რომლებიც ონის ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხზე გაავრცელეს გარკვეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მინისტრის თქმით, ამ განცხადებებს მოღალატეობრივი სწორედ იმ თვალსაზრისით შეიძლება ეწოდოს, რომ რაჭის მოსახლეობის გრძნობებზე იყო მიმართული და მიზნად მათ შეცდომაში შეყვანას ისახავდა.

„ყველა ფაქტი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის იყო მიწოდებული, იყო ტყუილი, აბსოლუტურად ყველა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე..

„პირველ რიგში იყო საუბარი იმაზე, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი. ორივე ფაქტი არის ტყუილი, არ არის პროექტში გათვალისწინებული არც აფეთქება არც მდინარე რიონის დაკარგვა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, სამინისტროს ნებართვაში გარემოს დაცვის ყველა პირობა გათვალისწინებულია და მდინარე რიონი შეინარჩუნებს როგორც კალაპოტს, ისე ეკოსისტემას. მინისტრის თქმით, სამუშაოები ისე ჩატარდება, რომ ზიანი არც ბუნებრივ მინერალურ წყლებს მიადგეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ, 2020 წლის 17 მარტს (ბრძანება N2-256), ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემას მოსახლეობასა და მედიაში მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ონის კასკადის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას, რაც 11 მაისს მედიასთან განმარტებაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უარყო.

12 მარტს სს „ონის კასკადი“ საგანგებოდ გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გადაცემა Post Factum-ში მომზადებულ სიუჟეტს და განაცხადა, რომ სიუჟეტი შეიცავს ბევრ უზუსტობას და ხშირ შემთხვევაში სიცრუეს, პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და საფრთხეების შესახებ.

ონის ჰესების კასკადების შესახებ რადიო თავისუფლების მიერ მომზადებული სტატიები ნახეთ აქ:

XS
SM
MD
LG