Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი: ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების


პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებაში მონაწილეობდა, სადავო პროცესის შესახებ „ფეისბუკზე“ განცხადებას აქვეყნებს. როგორც ის განმარტავს, 8 მარტის შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას.

„მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების.

საერთო მიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელებულიყო არჩევნების შემდგომ.

შეთანხმების ტექსტი ამბობს: „ვთანხმდებით, რომ კონკრეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა იქნას აღქმული, როგორც ქართული მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირება და მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.”

ამ ჩანაწერის შესაბამისად უკვე მოხდა ხაზარაძის, გვარამიას და სხვების საქმეების უვადოდ გადადება და გათავისუფლდა თამლიანი.

შეთანხმების ბოლო წინადადებაში მოხსენიებულია პრეზიდენტი. ეს ჩანაწერი გულისხმობდა უგულავას შეწყალებას. ასევე, საერთო მოლოდინი იყო ოქრუაშვილის და რურუას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებებით”, - აღნიშნავს ჩუგოშვილი.

დეპუტატის აზრით, დღეს უკვე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა. მისი შეფასებით, ორივე მხარე ცდილობს ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს.

„მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება”, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

8 მარტის შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

XS
SM
MD
LG