Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: კატეგორიულად მიუღებელია 8 მარტის შეთანხმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ფასილიტატორების სახით სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ამ შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია:

„პროპორციული სისტემა და პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული სისტემა, რომლითაც ჩვენ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ აჭარაში, სადაც სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში გიორგი გახარიამ 8 მარტის შეთანხმებაში პატიმრების გათავისუფლების საკითხის შეტანა უარყო და განაცხადა, რომ გუნდში არ ეგულება ადამიანი, ვინც პოლიტიკური ნიშნით სამართალდამცავთა მიერ გასამართლებული ადამიანების გათავისუფლებას დათანხმდებოდა.

„ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო შესულიყო, ან საერთოდ ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა მოქმედი ინსტიტუტების შეურაცხყოფაა:

"კონკრეტულ სამართლებრივ, კრიმინალურ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება - დადებითი ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა და ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული. ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესზე იქონიოს ზეგავლენა, შეუძლებელია უბრალოდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG