Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. გვაქვს ტეხილი


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ.

„ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი და შეგვიძლია, შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რადგან ორი კვირის წინ იყო მნიშვნელოვანი ზრდა დაინფიცირებული ადამიანებისა, რაც დღესდღეობით, არის კლებაში. თუმცა, ამ კლების პროცესში, არის გარკვეული დღეები, როდესაც არის ნახტომი და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20-27 ინფიცირებული გვყავს 1 დღის მანძილზე,"- თქვა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, პოზიტიური პროგნოზის საშუალებას დღეს არსებული მონაცემები იძლევა.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს შედარებით ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა იქნება 22 მაისს. თუმცა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მთავრობა და მოქალაქეები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ იმისათვის, რომ 22 მაისს ბევრად უფრო შევამსუბუქოთ და ვიზრუნოთ, რომ არ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, ეს ყველაფერი კვლავ ეპიდმდგომარეობაზეა დამოკიდებული და ყველა იმ ქცევით ნორმაზე, რაც ამ სამი თვის მანძილზე საკმაოდ კარგად შევისწავლეთ. უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს“, - ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

საქართველოში 5 მაისს, 21:00 საათის მდგომარეობით, არის კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 240, გარდაიცვალა 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4919. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG