ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 822 ტექსტი და გამოვლინდა 29 ახალი შემთხვევა, ხოლო გუშინ - 25 ახალი შემთხვევა 919 ტესტის ჩატარების შედეგად აღირიცხა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 26 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია სხვადასხვა სახის 17 ათასზე მეტი ტესტი.
„სულ დღეისათვის ქვეყანაში გაკეთებულია 12 ათასზე მეტი ტესტი - ეს რაც შეეხება PCR-ტესტირებას. გარდა ამისა, დაახლოებით 5 ათასზე მეტია გაკეთებული სწრაფი ტესტები“, - განაცხადა იმნაძემ.
შეკითხვაზე - ხომ არ იგეგმება პაციენტების მასობრივი ტესტირება არა მხოლოდ ცხელების ცენტრებსა და COVID19-ის მკურნალობაში ჩართულ კლინიკებში - NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე პასუხობს, რომ საეჭვო პაციენტების ტესტირება ხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.
„ყველა იმ პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და პნევმონიით, ხორციელდება არა მარტო ცხელების ცენტრებში და არა მარტო COVID-კლინიკებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“, - აცხადებს პაატა იმნაძე.
მისი განცხადებით, ტესტები ჩაუტარდება "იმ ჯგუფებს და მაშინ, როდესაც ეს ჩაითვლება ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვნად". განიმარტა ასევე, რომ ამ ეტაპზე - სიცხიანი და პნევმონიის მქონე ავადმყოფების გარდა, "სამედიცინო პერსონალი იტესტება პერიოდულად".
პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 12 ათასი PCR-ტესტის მარაგია, "ორშაბათ-სამშაბათს ველოდებით ახალი მარაგების შევსებას" და არის იმედი, რომ ტესტირება მეტ ადამიანს მოიცავს.
"იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გავზრდით ტესტირების რაოდენობას, ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით და მაისის შუა რიცხვებისთვის გაიზრდება ალბათ 1500-დან 2000-მდე", - განაცხადა იმნაძემ.
26 აპრილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და ამჟამად 485-ს შეადგენს. 26 აპრილს გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და გარდაცვლილთა მაჩვენებელი ექვსს გაუტოლდა.