Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე, საქართველოს მხრიდან "არამეგობრულ ნაბიჯად" შეფასდება, - ამბობს ელჩი შარაშენიძე


საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის, დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე, საქართველოს მხრიდან აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი, - განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძემ.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულია დამნაშავედ და მასზე გამოცხადებულია ძებნა. თავის დროზე უკრაინის მხარეს გადაეცა აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და გაეგზავნა მიმართვა მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ძალადობრივი გზით საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობის შესახებ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბატონი სააკაშვილის დანიშვნა, დიდი ალბათობით, თბილისის მიერ აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინისათვის“ მიცემულ კომენტარში.

ელჩმა შარაშენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხისადმი საქართველოს დამოკიდებულების თაობაზე ინფორმირებულია უკრაინის მხარე.


„ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრობას და იმედი გაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გაითვალისწინებს საქართველოს მხარის დამოკიდებულებას სააკაშვილის პერსონისადმი და მისი წარსული დანაშაულის ისტორიას, რაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით დასტურდება“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძემ.

უფრო ადრე, სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის გამო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის მოსალოდნელ გართულებაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრებს.

ის შეეცდება, დაარწმუნოს დეპუტატები, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შესთავაზა ვიცე-პრემიერის თანამდებობა რეფორმების საკითხებში.

24 აპრილს ვერხოვნა რადა რიგგარეშე სხდომას მართავს. სააკაშვილის კანდიდატურის საკითხი დღის წესრიგში არ არის.

XS
SM
MD
LG