Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგ ლენინი კი არა ლენონია - რა იციან ბავშვებმა ლენინზე?


22 აპრილს ვლადიმერ ლენინის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა ინფორმაცია აქვთ ლენინის შესახებ ბავშვებს დღეს.

საბჭოთა ბავშვისთვის ეს კითხვა რომ დაგესვა, გულწრფელად გიპასუხებდათ, რომ ლენინი მისთვის მამაზე ძვირფასი, ჭკვიანი და სამართლიანი იყო. ზეპირად მოიყვანდა ციტატებს ბელადზე დაწერილი ლექსებიდან და უშეცდომოთ ამოიცნობდა ფოტოზე, რადგან ეს ფოტოები ყველგან იყო, დაწყებული წიგნებიდან დამთავრებული კედლებზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ნახატებით. პატარა მოსწავლე სკოლის ფორმაზე დაბნეულ ოქტომბრელის ნიშანსაც გაჩვენებდათ, ბუნჩულა ულიანოვის ფოტოთი.

რა წარმოდგენა აქვს ლენინზე თაობას, რომელსაც არც ოქტომბრელების რიგები გამოუვლია და არც პიონერების. კითხვაზე „რა იცი ლენინზე“, მათ ასე უპასუხეს:

ნენე, 9 წლის: ლენინი? არაფერი გამიგია.

კოტე, 10 წლის: საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო, კომუნისტი და ბოროტი, ეს ვიცი. შეიძლება ნანახი მაქვს სურათი, მაგრამ ლენინი თუ იყო ვერ მივხვდებოდი. ყვითელთმიანი ტიპი წამომიდგენია.

თეკლა, 10 წლის: არ ვიცი ლენინი. ალბათ ულვაში ჰქონდა და მკაცრი იყო.

ანდრია, 9 წლის: მომღერალი! არასწორად ამბობთ, ლენონია და არა ლენინი.

გიორგი, 18 წლის: ლენინი იყო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი. 1917 წელს რევოლუცია მოაწყო, წყობა შეცვალა.

თოდო,10 წლის: შეიძლება სამხედრო იყო ან გენერალი.

იოანე, 13 წლის: ლენინი ვინ არის?

ქეთო, 11 წლის: ეგ ბოროტი კაცი იყო, ბებიაჩემი მიყვებოდა.

ნიკოლო, 16 წლის: ბოლშევიკური პარტია დაარსა და ოქტომბრის გადატრიალების ლიდერი იყო. არ იყო ცუდი კაცი.

ირინა, 12 წლის: ვისზე რა ვიცი? კი, გამიგია ლენინი. საბჭოთა კავშირის თუ რაღაც პარტიის დამაარსებელი იყო. წვერები აქვს და თმები, ოღონდ თმები მთლიან თავზე არა.

ეკა, 15 წლის: გამიგია, მაგრამ დეტალები არ ვიცი. ჩემთვის ლენინი ისტორიულ პრობლემებთან ასოცირდება. სურათი ნანახი მაქვს, მაგრამ ეგენი ისე ჰგვანან ერთმანეთს, დიდხანს თუ არ დააკვირდი, ვერ დაიმახსოვრებ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG