Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე: გურული იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა


„ზურაბ გურული ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. თუ ის სხვა ქვეყანას ამ შემთხვევაში კარგად აშენებს, ჩვენ შორს ვართ ძალიან ქვეყნის მართლა კარგად აშენებისგან, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში მართლა კარგად აშენებს, მას ეს არ უნდა“, - თქვა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულის შესახებ.

როგორც ცერცვაძე ამბობს, გურულის „ფეისბუკის“ პოსტში მთავარი იყო ის, რომ თითქოს საქართველოში „პლაქვენილი“ არამიზნობრივად (უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის), მათ შორის, საპროფილაქტიკოდაც გამოიყენება, რაც დაუშვებელია.

„ეს არის არა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ ფაქტობრივი ტყუილი“, - თქვა ცერცვაძემ. მისი განმარტებით, პროტოკოლში პირიქით, გამუქებულად წერია, რომ „პლაქვენილი“ არ უნდა დაენიშნოთ უსიმპტომო ავადმყოფებს, არამედ - საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებული სიმძიმის. მასში წერია, რომ ის საპროფილაქტიკოდ კატეგორიულად არ უნდა იყოს გამოყენებული.

„ზურაბ გურულის მხრიდან იყო პასუხის პასუხი, რომელიც სჯობდა არ დაეწერა, ერთი არგუმენტიც არ არის, უსუსურზე უსუსური პასუხია. მისი მთავარი არგუმენტები იყო, რომ მას თითქოს ვიღაცებმა შესჩივლეს, რომ არ სჭირდებოდათ „პლაქვენილი“, უსიმპტომოები იყვნენ და თითქოს დაუნიშნეს „პლაქვენილი“. ტყუილი არის ეს ყველაფერი. ერთ ასეთ ავადმყოფს ვერ დაასახელებს“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

როგორც კლინიცისტი ამბობს, ერთ-ერთმა ახსენა, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძე, რატომ იღებდა „პლაქვენილსო“? „საიდან მოიტანეს, რომ უსიმპტომო იყო. ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და დაახლოებით 28 დღე იწვა ინფექციურ საავადმყოფოში. უსიმპტომო კი არ იყო, სწორედ, უნდა მიეღო „პლაქვენილი“, - თქვა ცერცვაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთი პაციენტის შემთხვევას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, ცერცვაძე აღნიშნავს: „არ ვიცი, „რესპუბლიკურში“ ვინ წევს. შეიძლება, ვიღაც ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება და ვიღაცამ - არ სჭირდება, მაგრამ სრულიად უსიმპტომოს გამორიცხულია, რომ აძლევდნენ. მსუბუქი და საშუალო სიმპტომების დროს შეიძლება, ვიღაც ექიმმა გადაწყვიტოს, მოდი, მაინც მივცეთ, რომ უფრო ჩქარა გამოჯანმრთელდეს. „პლაქვენილი“ რას შვება? ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და აჩქარებს ვირუსის განდევნას. ამით არაფერი დაშავდება. რევმატოლოგები თვეობით და წლობით უნიშნავენ „პლაქვენილს“, ელემენტარული სახსრების ტკივილის გამო“.

უშუალოდ მკურნალობის პროტოკოლის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ზურაბ გურულის კრიტიკა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.

„ყველამ იცით, რომ უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, რომ დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს. ეს ძალიან კარგად შეესაბამება „პლაქვენილს“. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ COVID-19-ის ეფექტიანად სამკურნალოდ, პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს, არ არის ჯერ დამტკიცებული და მიმდინარეობს ძიება მთელ მსოფლიოში. დაახლოებით 15-16 მედიკამენტს ცდიან, მათ შორის ყველაზე უფრო იმედისმომცემია რემდესივირი, მაგრამ ის კვლევებშია და არცერთი ქვეყნისთვის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - განმარტავს ცერცვაძე და განაგრძობს, - „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში მიღწეული ესოდენ კარგი შედეგი მხოლოდ „პლაქვენილის“ დამსახურებაა, მაგრამ მისი დამსახურებაც არის. საქართველოში 408 ავადმყოფიდან მართვითი სუნთქვა სულ 11-ს დასჭირდა. ვფიქრობ, რომ ასეთი განვითარება, როდესაც მძიმე, ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვითი სუნთქვის საჭიროებამდე, მანამდე დგებოდა მათი გამოჯანმრთელება, აქაც ერთ-ერთი დამსახურება არის „პლაქვენილის“.

საქართველო სულაც არ არის მხოლოდ „პლაქვენილზე“ კონცენტრირებული, ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი ტოცილიზუმაბი, მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. ეს ძალიან ძლიერი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნება. ჩვენ, აგრეთვე, სისტემატურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში. ვცდილობთ, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში დავნერგოთ სიახლეები, მათ შორის, ვმუშაობთ COVID-ისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე...

თუ გამოჩნდება უკეთესი, დადასტურებული მედიკამენტი, არ გაგვიჭირდება, რომ უარი ვთქვათ „პლაქვენილზე“.

17 აპრილს ზურაბ გურულმა „ფეისბუკზე“ დაწერა: „თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.

პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.

და კიდევ, პლაქვენილი რამდენიმე დღეში თუ არა, კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ.
ასკაციანი კვლევების შედეგები დაიდება მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის საპირწონედ“.

XS
SM
MD
LG