სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება.
იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ აკრძალვა, სავარაუდოდ, სამ დღეს იმოქმედებს: „ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება კვირას, ორშაბათს, სამშაბათს, თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“.
14 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ მთავრობა მიიღებს სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ მიმავალი გზების დაკეტვის გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ხალხის სიმრავლე და, შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების საფრთხე.
საქართველოში აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს საფლავებზე გასვლის ერთგვარი ტრადიცია არსებობს და ეს დღე უქმედაც კი ცხადდება. მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 19 აპრილს აღნიშნავს.