Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკა კორონავირუსის მარწუხებში


კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როცა ადამიანები ძირითადად მხოლოდ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ფიქრობენ, პოლიტიკური პროცესები უკანა პლანზეა გადასული. ოპოზიციაც მუდმივად აცხადებდა, რომ მისი კრიტიკა მოზომილი იყო. თუმცა დაძაბულობამ მკვეთრად იმატა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერისთვის - ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის გამო. პოლიტიკური დისკუსიის გამწვავების მოლოდინი ასევე უკავშირდება სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.

პანდემია და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა

ხელისუფლებამ პანდემიის ფონით ისარგებლა და ხაზი გადაუსვა ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებას - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რეაქცია ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმრო განაჩენის გამოცხადების გამო.

საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით 8 მარტს გაფორმებულ ორ შეთანხმებას ოპოზიცია ერთ მთლიანობად განიხილავს. შესაბამისად, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 13 აპრილსაც გაიმეორეს, რომ თუკი არ შესრულდება ხელისუფლების დაპირება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჩავარდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმებაც.

  • „ოქრუაშვილისთვის შეთითხნილ ბრალდებაზე მისჯა არის ივანიშვილის ხელისუფლების ზუსტი სახე - არაფერი ადარდებს და ახლა გადაწყვიტა, რომ ამ მძიმე სიტუაციით ისარგებლოს. შეთანხმების დარღვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რეჟიმის და ოლიგარქიის შინაარსის შეცვლა არ არსებობს. შეცვლის მხოლოდ ერთი გზაა - მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილება. მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზე ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა - თუმცა პანდემიით სარგებლობა ყველაზე ამაზრზენია, ოლიგარქის სტანდარტითაც კი“ - ხატია დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობა“.
  • „ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გუნდს უნდა ახსოვდეს, რომ ახლა მთელი საზოგადოება კონცენტრირებულია იმ უზარმაზარ საფრთხეზე [პანდემია], რომელიც დგას მთელი მსოფლიოს და, რა თქმა უნდა, საქართველოს წინაშეც... მაგრამ ეს საფრთხე გადაივლის, საქართველო და მსოფლიო ამას გაუმკლავდება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და იქნება არჩევნები. მაგრამ ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვერ დაბრუნდება, თუ ციხეში არიან პოლიტპატიმრები და ირაკლი ოქრუაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“.

8 მარტს, როდესაც შეთანხმდა საარჩევნო სისტემის მოდელი და მხარეებმა ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ 4 პატიმრის გათავისუფლების სიტყვიერი პირობაც დადო.

4-კაციან სიაში შედიოდნენ: გიგი უგულავა, გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესიკ თამლიანი.

ამ სიიდან ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია მხოლოდ 20 ივნისის მოვლენების გამო გასამართლებული ბესიკ თამლიანი.

რომ არა კორონავირუსის პანდემია, შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც სხვაგვარად დასრულებულიყო, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლებამ მარტში დადო პირობა პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული პირების გათავისუფლებაზე, ეს იმიტომ მოხდა, რომ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე მას სხვა გზა აღარ ჰქონდა. ახლა კი ვითარება შეცვლილია.

  • „თუკი დადგება საკმარისი მშვიდობა იმისთვის, რომ ხელისუფლებას გარედანაც და შიგნიდანაც მოუჭირონ ხელი, მერე შეწყალების მექანიზმს გამოიყენებენ ან რაღაც სხვა ხერხს... შეიძლება ამ პროცესშიც მოინახოს გამოსავალი“;
  • „საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დღეს ხელისუფლება ადგენს წესებს და ყველა სხვა დანარჩენი ამ ქვეყანაში არის აბსოლუტურად უუფლებო";
  • „პანდემიის გამოწვევების ფონზე ხელისუფლებას შესაბამისად ვერც შიგნიდან აკონტროლებენ და ვერც - გარედან... პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთი გამოწვევებით არიან დაკავებული“.

ხელისუფლება იმთავითვე უარყოფდა როგორც პოლიტპატიმრების არსებობას, ასევე კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების დაპირებასაც.

„ჩვენთვის მთავარია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც დაპატიმრებისა და გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ არა პოლიტიკოსები, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე და იქვე ისიც მიანიშნა, რომ დრო გამოაჩენდა ამგვარი დაპირების არარსებობას.

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე ფიქრობს, რომ თუკი ხელისუფლებამ ასეთი დაპირება დადო და არ ასრულებს, ეს დამაზიანებელი იქნება მთელი პროცესისთვის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ყველაფერს შემდგომი პროცესები და საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება გამოაჩენს.

„თუკი ასეთი შეთანხმება არსებობდა, ახლა ხელისუფლება ამას არღვევს და ამან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მთავარ მონაპოვარზე [საარჩევნო სისტემის გარშემო შეთანხმებაზე], ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც იყვნენ ამ შეხვედრის მოდერატორები და მათი პოზიციაც გასათვალისწინებელი იქნება...

თუმცა, თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, ახლა თუ საპატიმროს კარს გააღებს, ხელისუფლება ამით ხომ დაადასტურებს, რომ ის აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას“.

ოპოზიციის კრიტიკის ტონი იცვლება

ოპოზიცია აქამდე ამბობდა, რომ პანდემიის ფონზე თავს იკავებდა ხელისუფლების მძაფრი კრიტიკისგან. თუმცა 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმრო განაჩენის შემდეგ, ტონი მკვეთრად გამწვავდა.

„არ თქვათ ახლა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ახლა თქვენ კომუნალური ვაუჩერების საკითხს გადაწყვეტდით“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, 13 აპრილს გამართულ ბიუროს სხდომაზე.


ბიუროს სხდომის ტრიბუნა გამოიყენა „ევროპულმა საქართველომაც“ - გიგი წერეთელმა თქვა, რომ ხელისუფლების მოქმედებებში ბევრი რამ სრულიად გაუგებარია, ხოლო ქმედებები - არასაკმარისი.

საპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებას შეახსენა კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისა და კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობის რეალური კომპენსირების აუცილებლობა - სამსახურების დაკარგვის გამო, ბევრ ოჯახს შიმშილის საფრთხეც ემუქრება და ასევე გადასარჩენია ბიზნესი.

სავარაუდოდ, სწორედ ეს თემა და კიდევ, უკვე გადადგმული ნაბიჯების დასაბუთება განსაზღვრავს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 21 აპრილის შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ შეზღუდვების მოხსნა, სავარაუდოდ, მაისიდან იქნება შესაძლებელი.

„რეაგირება კრიზისის ეკონომიკურ ნაწილზე უკვე დაწყებულია. თქვენ თქვით, რომ ჯერ გეგმაც არ არისო - მე კი გეუბნებით, რომ გადადგმულია ნაბიჯები და ისინი მიმართულია ორ ამოცანაზე: 1. როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს და 2. როგორ დავეხმაროთ ბიზნესსუბიექტებს და კერძო სექტორს“, - თქვა 13 აპრილს, ოპოზიციის მწვავე კრიტიკის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მან სამი წარმატებული ნაბიჯიც დაასახელა. აქედან ერთი ისევ (გარკვეული ლიმიტის ფარგლებში) კომუნალური გადასახადების დაფარვას უკავშირდება. დანარჩენი ორია: საბანკო სესხების გადავადება და პენსიების წინასწარ ჩარიცხვა - „სამზე მეტი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. თუ გინდათ, კერძო სექტორზეც სამზე მეტს ჩამოგითვლით“.

  • ტურიზმის ინდუსტიის მხარდაჭერის გეგმა მთავრობამ 13 მარტს გაახმაურა. იმავე პაკეტის ფარგლებში გამოცხადდა ასევე საბანკო სესხების გადავადების ინიციატივაც.
  • აპრილის დასაწყისში ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მილიარდი ლარი გამოიყო. თუმცა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ამასობაში კი, ანტიკრიზისული გეგმა ცალ-ცალკე თითქმის ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა და ასევე ეს გააკეთეს ბიზნესასოციაციებმაც. ხელისუფლებას ოპოზიცია მოუწოდებს - ითანამშრომლოს მათთან და აფრთხილებს, ნუ დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს, რაც საზოგადოებას ხშირად საზიანოდაც კი უბრუნდება.

ვლადიმერ ბოჟაძეს არ უკვირს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან მიწვეული. ის ამბობს, რომ ხელისუფლება-ოპოზიციის თანამშრომლობა იდეალური არც პენდემიამდე იყო; თუმცა ხელისუფლებას „მოუწევს“ როგორც ოპოზიციის, ასევე ბიზნესსექტორის რაციონალური ინიციატივების გათვალისწინება, რადგან შექმნილ სიტუაციაში „პოლიტიკური დღის წესრიგის ცალმხრივად წაყვანა შესაძლოა ქვეყანას სრულებითაც არ გამოადგეს“.

„როცა კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მერე შეკითხვებიც უფრო მძაფრად დაისმება და პასუხი ყველას მოეთხოვება. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა - რეალური თანამშრომლობა ოპოზიციასთან, რაც გარკვეულწილად პასუხისმგებლობის გადანაწილებასაც ნიშნავს... მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამის ნაცვლად ცდილობს, რომ ცალმხრივად იმოქმედოს და თავად გამოჩნდეს გამარჯვებული... ჯერჯერობით ექიმების „სამეულის“ წარმატებებსაც სათავისოდ იყენებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე მომავალშიც, სავარაუდოდ, ისევ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები იქნება. თუმცა ხშირად კრიტიკა ისმის ჯანდაცვის მიმართულებითაც და სწრაფი ტესტების შემოტანის დაგვიანების გარდა, ის ასევე უკავშირდება ხელისუფლების დამთმობ პოზიციას ეკლესიებში ხალხმრავლობასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG