Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოღობილი და დაუსრულებელი 9 აპრილი


1989 წლის შემდეგ ყველა „9 აპრილი“ მეტ-ნაკლებად ჰგავდა ერთმანეთს ყვავილებით, სანთლებით, სამფერი და ხუთჯვრიანი დროშებით, ტრაგიკული ღამის მოგონებებით, ცრემლებით, ლელა ვეფხვაძის „სალაღობოთი“ („დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“), ძველი და ახალი პოლიტიკოსების სახეებით, ხელისუფლების წარმომადგენლებით, ოპოზიციის ლიდერებით,ჟურნალისტებით... თუმცა წელს ყველაფერი სხვაგვარად არის და ამ სხვაგვარადყოფის მიზეზი მხოლოდ ეპიდემია და მასთან დაკავშირებული კომენდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები როდია!

პარლამენტის მოედნის ხალხისაგან დაცლის მიზეზი ახლაც იგივეა, რაც 31 წლის წინ იყო: დარბევა!

ოღონდ ამჯერად „დარბეულია“ საკუთრივ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მოედანი, სადაც 30 წელზე მეტია, წლის ნებისმიერ დროს, იმართება ხოლმე მიტინგები და საპროტესტო აქციები, სადაც შეკრება და პოზიციის გამოხატვა ტრადიციად და ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილად იქცა; დარბეულია ხელისუფლების მიერ და, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რა მიზნითაც მთავრობები არბევენ ხოლმე მიტინგებს: რომ ვერ შეიკრიბონ მოქალაქეები და ეფექტიანად ვერ გამოხატონ თავიანთი პროტესტი!

2020 წ. 9 აპრილი
2020 წ. 9 აპრილი

სიმბოლურია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ასეთ მდგომარეობაში (შემოღობილი და დაუსრულებელი) შეხვდა 9 აპრილს, იმ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის აღმნიშვნელ დღეს, რომლიდანაც სამი ათეული წელი გავიდა, მაგრამ, რომელიც, ბევრი მიზეზის გამო, ჯერაც არ დასრულებულა, ისევე როგორც არ დასრულებულა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმობნეული „9 აპრილის“ დროებითი მემორიალების მუდმივით ჩანაცვლების პროცესი. თბილისშიც კი, 9 აპრილის მთავარი მემორიალი, გულში ჩადგმული გრანიტის გასანთლული ლოდით, დროებითის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ სახვით ხელოვნებას, მთლიანად ქართულ კულტურას გაუჭირდა 9 აპრილის ჯეროვანი გადამუშავება. მოქანდაკეების, მხატვრების, მუსიკოსების, პროზაიკოსებისა და პოეტების რეფლექსია დროთა განმავლობაში ისე განელდა და მიინავლა, რომ რამე მნიშვნელოვანი, რაც დროს გაუძლებდა და მოვლენის გაგების შესაძლებლობას გააფართოებდა, თითქმის არაფერი შექმნილა. არადა, 1989 წლის 9 აპრილმა არავინ დატოვა გულგრილი, არავინ დარჩა ისეთი, ვინც მომხდარმა სულის სიღრმემდე არ შეძრა.

1989 წლის აპრილი
1989 წლის აპრილი

„ეს არ არის ერთი ერის ტრაგედია. ეს საუკუნის ტრაგედიაა! თუ ოდესმე შემეკითხებიან, რა იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი, შემაძრწუნებული, მე ვუპასუხებ: აი, ეს ორი დღე - 8 აპრილი, როდესაც პროსპექტზე პირველად გამოჩნდნენ ტანკები და ხალხი მზად იყო რკინის მუხლუხების ქვეშ შევარდნოდა, რათა მათი სვლა შეეჩერებინა. და 9 აპრილის ტრაგედიის ღამე“, – ამას წერდა არა ეროვნული მოძრაობის რომელიმე ლიდერი, არამედ ერთი ცნობილი საბჭოთა თეატრმცოდნე 9 აპრილის მოვლენებიდან სულ რაღაც ორი კვირის თავზე.

ცხადია, „9 აპრილი“ იყო ბრძოლა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მაგალითად - დიდგორის ბრძოლა!

ასევე ცხადია, რომ „9 აპრილის“ ბრძოლაში საქართველომ გაიმარჯვა, მაგრამ არა ისე, როგორც ომში იმარჯვებენ ხოლმე!

ყველამ ვიცით, რომ ამ გამარჯვებას არ მოჰყოლია საქართველოს მყისიერი გათავისუფლება. ვიცით ასევე, რომ ამ ბრძოლაში საქართველომ დაკარგა თავისი შვილები: ბავშვები, ქალები, კაცები... მტერი კი კვლავ ქვეყანაში დარჩა გაურკვეველი დროით, რის გამოც, 9 აპრილს დაღუპულები ერთდროულად გმირადაც შეირაცხნენ და უმანკო მსხვერპლადაც.

სწორედ „9 აპრილის“ უჩინარი გამარჯვების ხაზგასასმელადგახდა საჭირო ამ დღისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის მიბმაც, რაც გაკეთდა კიდეც ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს.

1991 წლის 9 აპრილი
1991 წლის 9 აპრილი

„და მოხდა ეს საოცარი დამთხვევა“-ო, - დაწერა ცხელ გულზე ერთმა პოეტმა, თუმცა იმთავითვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს არ ყოფილა დამთხვევა. 9 აპრილის ძაძებისა და ცრემლის გვერდით შეგნებულად გაჩნდა საზეიმო ფერები, სიცილი, ბედნიერი სახეები. ორი „9 აპრილის“ შეერთება იყო მცდელობა მიგვეღო ერთი, სრულფასოვანი თარიღი, რომელშიც იქნებოდა ბრძოლაც, გმირული თავდადებაც, გამარჯვებაც და თავისუფლებაც!

სწორედ ამ ჯაჭვის უკანასკნელი რგოლი განაპირობებს „9 აპრილის“ დაუსრულებლობას. მტკიცე, ნამდვილი „თავისუფლების“ გარეშე „9 აპრილი“ ვერასოდეს გადაინაცვლებს აწმყოდან წარსულში. შესაბამისად, კალენდარზეც სულ მუდამ „9 აპრილი“ იქნება, ვიდრე ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იდგება საფრთხის ქვეშ; ვიდრე ადამიანის უფლებები და თავისუფლებები იქნება შელახული!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 9 აპრილი ერთდროულად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოც არის და - სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლისაც!

თქმაც კი არაა საჭირო, რომ დამოუკიდებლობა თავისუფლების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა!

1989 წელს არამხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას მოუქნიეს მესანგრის ალესილი ნიჩაბი, არამედ ადამიანის უფლებებსაც - სიცოცხლის, გამოხატვისა და შეკრების უფლებებსაც. ამიტომ არის, რომ საქართველოს ყველა დროის მთავრობებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ თავის მოქალაქეებს უპირისპირდებიან, უდიდეს დისკომფორტს და მორალურ წნეხს უქმნის „9 აპრილი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“ - საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დრო-ადგილი, რომელთა ჯამური ჯადოქრობითაც „ერის ლიდერი“ წამში შეიძლება აღმოჩნდეს ისტორიის არასწორ მხარეს.

ვინც რუსთაველზე ერთხელ მაინც მდგარა, ის აუცილებლად იგრძნობდა სულიერ კავშირს „9 აპრილის“ გმირებთან, იგრძნობდა მათ მხარდაჭერასა და მფარველობას თავისუფლებისათვის ბრძოლაში, მაგრამ ვისაც რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ერთხელ მაინც გამოუყენებია თუნდაც ე.წ. „ლეგიტიმური ძალა“, ისიც აუცილებლად იგრძნობდა „9 აპრილის“ სუსხსადა სიმძიმეს. ასეთია „9 აპრილისა“ და მასთან დაკავშირებული პატარა მოედნის ძალა, რომელიც გარდა იმისა, რომ ახალისებს მოქალაქების ბრძოლას თავისუფლებისთვის, ხელ-ფეხს უბორკავს ყველა დროის მთავრობებს „კანონიერად გამოიყენონ“ მათი არსებობისთვის ასე აუცილებელი „ლეგიტიმური ძალა“.

ალბათ, „9 აპრილის“ ამ ჯადოქრობის გამოა, რომ პოლიტიკოსები ვირეშმაკობენ და ქუჩაში გამოსული ხალხის ნაცვლად, თავიანთ რისხვასგეოგრაფიული ადგილისკენ მიმართავენ ხოლმე. რუსთაველის N8-დან პარლამენტის ქუთაისში გადატანის მცდელობის ნამდვილი მიზეზიც ეს უნდა იყოს და არა ე.წ. ხელისუფლების შტოთა დეცენტრალიზაცია,

თუმცა გაუქმებული და სარემონტოდ შემოღობილი„9 აპრილის“ მთავარი სცენა, ამ აგრესიის, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო და სწორხაზოვანი მაგალითია! ხელისუფლება პირდაპირ ასხივებს სურვილს, არასოდეს დასრულდეს რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე და ასე სამუდამოდ შემოღობილი და გაუქმებული დარჩეს „ქართველთა აგორა“- პარლამენტის წინამოედანი, რომელსაც, სამწუხაროდ, სამი ათეული წლის შემდეგაც უხდება ლია სტურუას „რეკვიემის“ გულისმომკვლელი სიტყვები:

ვარდები ასფალტზე, გვამები ხაროში

და ფიქრი, მქენჯნავი და სისხლის გამშრობი:

ამ მძლავრ, გალაღებულ, მდიდარ სამყაროში

ღმერთო მოხედე ჩემს მარტვილ სამშობლოს...

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG