პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისთვის, ისევე როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში, უცნობია ახალი კორონავირუსის „სტრატეგია“, თუმცა ერთი ნათელია - დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს:
„ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ - 80-მა პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. იგი იმედოვნებს, რომ ბცჟ ვაქცინაციის გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის.
რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის თქმით, ეს ინდივიდუალურია:
„შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია, ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური ... დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რამეზე - სომატური პათოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“, - აღნიშნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ძირითადი რეკომენდაციები ხელების ხშირი დაბანა, სახეზე, თვალსა და პირზე ხელის შეხებისგან თავის არიდება, ჰიგიენის დაცვა, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა და დაუცველი კონტაქტისგან თავის არიდებაა.
ამ ჩამონათვალშია მოწოდება „დარჩით სახლში“, რომელიც გარკვეულწილად უკვე გასცდა საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის ფარგლებს:
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.
31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.
7 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა. 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.