Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვი ექიმს, განცხადების გამო, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა


„გაცნობებთ, რომ 01:04.2020-ში მორიგეობაზე უარი ვთქვი, რადგან COVID-19-თან დაკავშირებული კარანტინის გამო არ მქონდა იდივიდუალური აღჭურვილობა (პირბადე, ხელთათმანი, სათვალე და დამცავი კომბინეზონი), - რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი ექიმის ამ განცხადებას, ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი.

როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ექიმის ეს ახსნა-განმარტება ადგილზე სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი ინტერესი მოჰყვა. ექიმის განცხადება სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა გაიზიარა. ერთ-ერთი პოსტის ქვეშ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კომენტარი დატოვა და ექიმს სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა.

„პანიკის ადგილი არ არის გემზე, სადაც შენ გარდა სხვა ბევრი ადამიანია. პანიკიორებს სამსახურიდან დავითხოვთ, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ადამიანი, მით უმეტეს ექიმი, რომელსაც უკვე დღეს ეშინია ვირუსის, რომელიც არ არის და არ გამოდის სამსახურში, გათავისუფლებას ექვემდებარება. მით უმეტეს, რომ ის არ არის ინფექციონისტი“, - წერს ანატოლი ბიბილოვი.

XS
SM
MD
LG