Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა


საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად ახალი კორონავირუსი მის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

COVID-19 ის დამახასიათებელი სიმპტომები ერთი კვირის წინ ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა, რის შემდეგაც მოხდა მისი და მასთან შემხებლობაში მყოფი პირების თვითიზოლაცია.

ამჟამად პირები, რომელთაც ვირუსით ინფიცირება დაუდგინდათ, გადაყვანილები არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან სამკურნალო პროცედურებს.

ეროვნული ბანკის თანახმად, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

„პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 26 გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG