Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა გლობალურად 35000-ს გადააჭარბა


მსოფლიოს გარშემო მთავრობები განაგრძობენ მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას იმ მიზნით, რომ შეანელონ კორონავირუსის პანდემიის გავრცელება. 30 აპრილს ამ ახალი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა გლობალურად 35000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულად აღრიცხულია 750000-მდე ადამიანი.

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორი მეხუთედი თვითიზოლაციაშია და თავიანთ სახლებში რჩება. ვირუსი პირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში აღირიცხა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოს მოედო.

იზრდება დარტყმა, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლის საგანგებო ზომები ეკონომიკას აყენებს და, შესაბამისად, მატულობს შიშებიც სამომავლო პერსპექტივაზე, რადგან მილიონობით ადამიანი უმუშევრად რჩება. მთავრობები ათასობით მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტებს ამუშავებენ მასტიმულირებელ გეგმებად ამ უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად. დაცემას განაგრძობს ნავთობის ფასიც, თუმცა მსოფლოს გარშემო საფონდო ბირჟების რეაქცია შერეულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 30 მარტს ერთი თვით, 30 აპრილამდე გაახანგრძლივა ადამიანებს შორის ფიზიკური დისტანცირების წესები, სკოლების და ბიზნესების დახურვის ჩათვლით - თუმცა ერთი კვირის წინ ის იმედს გამოთქვამდა, რომ ზომები შემსუბუქდებოდა და სააღდგომო დღესასწაულისთვის ეკონომიკა მოქმედებაში მოვიდოდა. ინფექციური დაავადებების სპეციალისტები აშშ-ს აფრთხილებენ, რომ მან, შესაძლოა, პანდემიის შედეგად 100000-დან 200000-მდე ადამიანი დაკარგოს.

XS
SM
MD
LG