არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს და კერძო ტელევიზიებს, ხელი შეუწყონ COVID-19 ვირუსსა და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ხელმომწერები საჭიროდ მიიჩნევენ პოზიტიური ზომების მიღებას სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის.
„ეთნიკური უმცირესობებისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე კერძო ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ინტერნეტპლატფორმაზე უზრუნველყოფს სიახლეების მოწოდებას უმცირესობების ენაზე, თუმცა იმის გამო, რომ რეგიონების დიდ ნაწილში ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი, ამ რესურსით მხოლოდ ვიწრო სეგმენტი სარგებლობს. კერძო ტელ კომპანიებს კი არ აქვთ უმცირესობების ენებზე ინფორმაციის მიწოდების პოზიტიური პრაქტიკა. სუსტია ადგილობრივი და რეგიონალური საჯარო თუ კერძო მედიების დაფარვაც. სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სომეხი თემის მხოლოდ 21% და აზერბაიჯანელი თემის მხოლოდ 13% იღებს ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ინფორმაციის მიღების მაჩვენებლები განსაკუთრებით მცირდება მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი და სომეხი თემის (ცალ-ცალკე) მხოლოდ 29% იღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:
- უზრუნველყოს ვირუსის და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კარგად ორგანიზებული კამპანია ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე, რომლის გავრცელებას ის საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე, კერძო ტელეკომპანიების მხარდაჭერის გზით მოახდენს;
- უზრუნველყოს სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელ ყველა რელევანტურ უწყებებში და ონლაინ პლატფორმებში (112, 1505, Stopcov.ge, 116 001, და ა.შ.) სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი კონსულტანტების დამატება და უმცირესობებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება;
- ვირუსთან, მის პრევენციასთან და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი განცხადება მთავრობის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ასევე ითარგმნოს აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე, როგორც ეს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ბრიფინგის დროს ორგანიზდა;
- მთავრობის წევრებისა და სახელმწიფო წარმომადგენლების საჯარო რიტორიკაში გამოჩნდეს თანასწორობის მხარდამჭერი ღია გზავნილები.
მარნეულის და ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობებს
- შეისწავლონ მათ მუნიციპალიტეტებში და განსაკუთრებით სოფლებში არსებული საჭიროებები ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სერვისებზე წვდომის კუთხით, გამოვლენილი ინფორმაციული საჭიროებების და ხარვეზების, მთავრობასთან გააძლიერონ ინფორმაციული და საგანმანათლებლო პოლიტიკის კოორდინაცია.
საზოგადოებრივ მაუწყებელს
- უზრუნველყოს ტელეეთერში (და არა მხოლოდ ინტერნეტ პლატფორმებში) ვირუსთან, მის პრევენციასთან დაკავშირებული სოციალური რეკლამებისა და სხვა მნიშვნელოვანი შინაარსის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა და გავრცელება;
- მიიღოს პოზიტიური ზომები თანასწორობის იდეის მხარდასაჭერად და ვირუსის გავრცელების პრობლემასთან დაკავშირებით შესაძლო დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განმარტებების და მიდგომების პრევენციისთვის.
კერძო ტელეკომპანიებს
- მათი მედიასაშუალებების დაფარვის, გავლენების და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უზრუნველყონ ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უკვე შექმნილი მასალის აქტიური გავრცელება მათ ეთერებში
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- პლატფორმა სალამი
- სოფელი კასუმლოს სათემო ცენტრი
- სოფელი აღმამედლოს სათემო ცენტრი
- ახალი აზროვნების ინსტიტუტი
- სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- თანასწორობის მოძრაობა
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- კავშირი საფარი
- მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-მდეა გაზრდილი, მათგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.