დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს რეზერვში ექნება ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“. ეს პრეპარატი ჩინეთმა გამოიყენა COVID-19-ით ინფიცირებულების სამკურნალოდ.
„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად იხმარეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამირან გამყრელიძის თქმით, პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია "გილეადთან" საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით: „ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იქნეს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები მას გამოიყენებენ“.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს მრავალი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება, მათ შორის შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ან „ხლოროხინის“და „ინტერფერონის“ და ამ საშუალებებს ქართველი ექიმებიც იყენებენ.
19 მარტის 16:00 საათისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 40 შემთხვევა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა