„ნოსტრადამუსი ნამდვილად არა ვარ და არც ვანგა“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის COVID-19 შიდა გავრცელება და როგორი შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი.
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ თქვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება მოსალოდნელი ეპიდსიტუაციის მიხედვით.
18 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1261, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.