ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, გამოიყენებენ თუ არა ახალი კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფ ტესტებს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მათ ხშირად მიმართავენ მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ, თუმცა ტესტირება სურთ. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასიმპტომურ პირებში არ იძლევა ტესტების გამოყენების ინსტრუქციას იმ მეთოდით, რომლითაც დღეისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ტესტირება და დადგენა ხდება.
„ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ ისევ ვრჩებით შემთხვევის სტანდარტულ განმარტებაზე და მკაცრად მივყვებით ამ განმარტებას, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა სწრაფი ტესტების დანერგვაზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა ელოდება იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც სწრაფი ტესტირება პრაქტიკაში დანერგეს:
„სამხრეთ კორეის გამოცდილება ამ თვალსაზრისით საინტერესოა. როგორც კი გვექნება ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული სურათი, რა ადგილი შეიძლება დაიკავოს სწრაფმა ტესტებმა ჩვენი ეპიდემიის კონტროლში, პროტოკოლი შესაბამისად შეიცვლება. თუმცა, გარკვეული რისკები ცრუ დადებით - ცრუ უარყოფითი პასუხებიდან გამომდინარე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაუსაბუთებელი შფოთვა, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ამიტომ სანამ არ გაიმართება სრულად ეს საკითხი, ჩვენ სწრაფ ტესტირებას ჯერჯერობით არ დავიწყებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, მანამდე არსებობს PSR ტესტი, რომლის მარაგი ქვეყანაში 3 000-ია, შესყიდვის ფაზაში კი - 20 000-მდე. თამარ გაბუნიას განმარტებით, დღე-ღამეში საქართველოში 100 ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 64 მოქალაქე. განკურნებულია და ბინაზე გაეწერა 1 დაინფიცირებული.