Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული კიდევ ორი პაციენტიდან ერთი ესპანეთში იმყოფებოდა


ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადებული კიდევ ორი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი პაციენტიდან ერთს კონტაქტი ჰქონდა საქართველოში რიგით მეოთხე პირთან, რომელსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მეორე პაციენტი იმყოფებოდა ესპანეთში და ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან.

„ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის თუ იტალიის შემთხვევად“, - უთხრა მედიას მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, მოხდება ორი ახალი პაციენტის კონტაქტების გამოკვლევა. ორივე მათგანმა კლინიკას ბინიდან მიაკითხა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 9 მარტის დილის მდგომარეობით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტია. მათგან 14-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.

ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსით დაავადებული პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა ისევ სტაბილურია. მძიმეა რიგით მეოთხე პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსული პნევმონია აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. პნევმონია დაუდასტურდა კიდევ სამ პაციენტს, რომლებსაც ამ ეტაპზე არ აქვთ სიცოცხლისთვის საშიში გართულება. დანარჩენ პაციენტებს სხვადასხვა სიმპტომი აქვთ - ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი. ყველა პაციენტზე აქტიური დაკვირვება გრძელდება.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადების კიდევ ორი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა 9 მარტს, დილით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადგენილია სულ 15 შემთხვევა.

9 მარტის დილის მდგომარეობით, მსოფლიოს 110-მდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაავადდა 110 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 3831. გამოჯანმრთელდა 62 300-ზე მეტი.

ყველაზე მეტი, 3100-მდე ლეტალური შედეგია ჩინეთში. მეორე ადგილზეა იტალია, სადაც 9 მარტის დილის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაიცვალა 366 ადამიანი.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

XS
SM
MD
LG