პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.
სხდომაზე გაიცა რეკომენდაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე - „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებსა და სადგურებში.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს ირანიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში შემოყვანისთვის, რომლებიც ამ დროისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებიან. მათი ტრანსპორტირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდება.
საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან. გუბერნატორები კი, თავის მხრივ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.
„ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.