Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ასადის რეჟიმის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო იდლიბში


1 მარტს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში „წარმატებით“ განაგრძობს სამხედრო ოპერაციას სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი უწევს დახმარებას. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთს „არ სურს ან არა აქვს გადაწყვეტილი, რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთოს“. ბოლო ხანებში იზრდება შიში იმის გამო, რომ არ მოხდეს შეტაკება ნატოს წევრი თურქეთისა და რუსეთის ძალებს შორის.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთის ძალებმა ჩამოაგდეს სირიის ორი სამხედრო თვითმფრინავი.

თურქეთმა თავისი სამხედრო კამპანიის გაძლიერების შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მისი 34 ჯარისკაცი დაიღუპა პროვინცია იდლიბში, სადაც რუსეთის ავიაცია გამოიყენება სირიის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად.

დღესვე სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის კეტავს საჰაერო სივრცეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დამასკმა თურქეთს ბრალი დასდო, რომ მან სირიის ორი სამხედრო თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში „ამოიღო მიზანში“. მეამბოხეთა ჯგუფმა და ადამიანის უფლებების სირიულმა სამეთვალყურეომ, რომელსაც ბრიტანეთში უდევს ბინა, განაცხადეს, რომ ორი თვითმფრინავია „ჩამოგდებული“. სირიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო სანამ განაცხადა, რომ ოთხი მფრინავი კატაპულტირების შემდეგ მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე.

XS
SM
MD
LG