Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში უკანასკნელ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა ადამიანი


ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა ადამიანი, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ისლამურ რესპუბლიკაში ამ მომენტისთვის დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა.

სამინისტროს პრესმდივანმა კიანუშ ჯაჰანპურმა 29 თებერვალს გამოაქვეყნა ახალი მაჩვენებლები. მან ხალხს მოუწოდა, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. ირანში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია დაღუპული დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის გარეთ.

BBC-ის ირანული სამსახურის ცნობით, მისი ანონიმი წყაროების მიერ ჩატარებული დაანგარიშება მოწმობს, რომ 27 თებერვლის ღამისთვის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი იყო, სულ მცირე, 210 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს ცნობა.

სამედიცინო ანალიზებმა ცხადყო, რომ კორონავირუსით დაავადებულია ირანის პარლამენტის ოთხი წევრი. დაავადება დაუდგინდა ხელისუფლების რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ მასუმე ებთექარს. ეპიდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მრავალ მეჩეთში გაუქმდა პარასკევის ლოცვა.

ირანი ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე ცხელი წერტილია ახლო აღმოსავლეთში. ქვეყნის ხელისუფლებას ბრალს სდებენ ეპიდემიის ნამდვილი მასშტაბების მიჩქმალვაში.

XS
SM
MD
LG