Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ უცხოელებს, რომლებიც ირანში იყვნენ ბოლო 14 დღის განმავლობაში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გარკვეული ვალდებულებები უწესდებათ ნებისმიერი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და იაპონიაში. ისინი ვალდებულები არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, გაიარონ შემოწმება, დაელოდონ ტესტების პასუხებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას. მათ მედიკოსების რეკომენდაციების სრულად დაცვა მოუწევთ, იქნება ეს კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაცია თუ უკან დაბრუნება.

აქვე საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის მქონე პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულები არიან ხსენებულის შესახებ განაცხადონ და დაექვემდებარონ 14-დღიანი კარანტინის პროცედურას.

ისინი კი, ვინც 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და იაპონიაში ვალდებულები არიან, გაიარონ შემოწმება და ტესტების შედეგების შესაბამისად დაელოდონ სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აღნიშნული ღონისძიებები ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით ხორციელდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

XS
SM
MD
LG