Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის პირველი შემთხვევები მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა


ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყანაში ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადების პირველი შემთხვევა. ვირუსი აღმოაჩნდა 60 წლის მამაკაცს, რომელიც ირანიდან 26 თებერვალს დაბრუნდა.

კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევაა ნიგერიაში, სადაც ვირუსი დაუდასტურდა იტალიის მოქალაქე მამაკაცს.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ლიეტუვის მოქალაქე ქალს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ვერონაში იმყოფებოდა და სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდა.

ჩინეთმა, საიდანაც ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, დღეს, 28 თებერვალს განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაავადდა 327 ადამიანი და 44 გარდაიცვალა.

დაავადებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფმა სამხრეთ კორეამ დაადასტურა 256 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 2022-ს მიაღწია. სამხრეთ კორეაში სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.

მაღალი რისკის კიდევ ერთ ქვეყანაში - იტალიაში დადასტურებულია საერთო ჯამში, დაავადების 655 და გარდაცვალების 17 შემთხვევა.

ამავე ჯგუფში შემავალი ირანის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადდა 245 და გარდაიცვალა 26 ადამიანი.

მკვლევრების და მოხალისეების მიერ შექმნილ საერთაშორისო ვებსაიტზე Worldometer-ზე, რომელიც მსოფლიოში ეპიდსიტუაციას აკვირდება, 28 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაავადდა 83 381 ადამიანი და 2858 გარდაიცვალა. ამავე საიტის ცნობით, გამოჯანმრთელდა 36 597.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის(WHO) ვებსაიტზე კი ბოლო განახლებული მონაცემები 27 თებერვალს გამოქვეყნდა და ასახავს გლობალურ მდგომარეობას 26 თებერვლისთვის. ამ მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 82 294 შემთხვევა, მათგან 1185 ახალი. ჩინეთში კორონავირუსით დაავადების სულ 78 630 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 439 ახალი. გარდაცვლილია 2747 ადამიანი.

WHO-ს ამავე მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 46 ქვეყანაში დადასტურებულია საერთო ჯამში, 3664 შემთხვევა, მათგან 746 ახალი. გარდაცვლილია სულ 57 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

მწვავე პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

XS
SM
MD
LG