Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის შიშით ჩაკეტილი ენგურის ხიდი და ნიღბების დეფიციტი ზუგდიდის აფთიაქებში


საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე იმ კლინიკებს შორის, რომლებმაც კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში, პაციენტები უნდა მიიღონ, ერთ-ერთი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოა. მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კლინიკა სათანადოდ აღჭურვილია. 27 თებერვლის მდგომარეობით, ამ საავადმყოფოში 15 პაციენტი იმყოფება სეზონური გრიპის ვირუსის ნიშნებით. მათ შორისაა ლიეტუვის მოქალაქე, რომელსაც ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოვიდა ვილნიუსი-ქუთაისის პირდაპირი ავიარეისით.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ნოდარ ჩიქოვანის ინფორმაციით, ლიეტუვის მოქალაქე რეგიონში სტუმრად იმყოფება: „ლიეტუვა არ მიეკუთვნება კორონავირუსის რისკჯგუფს. პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება და თუ გართულება მოხდა, დამატებითი ანალიზები გაიგზავნება თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში“.

26 თებერვალს, სწორედ ამ ლაბორატორიამ დაადგინა საქართველოში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა და მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა გადაწყვიტა.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

27 თებერვალს დილით, აფხაზეთიდან ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ. მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „საზღვრის“ დაკეტვას 17 საათისთვის ელოდებოდნენ, თუმცა, ეს უფრო ადრე, 13 საათისთვის მოხდა.

„ორმხრივად ჩაიკეტა. მე მინდოდა დღეს წამოსვლა. თუ ცალმხრივად იქნებოდა, იქნებ ფულით გამიშვან-თქო, მაგრამ არაო. გუშინ ვიკითხე, მაგრამ თვითონაც არ იცოდნენ (ე.წ. მესაზღვრეებმა), რომ დღეს დაიკეტებოდა. დილით მიიღეს ბრძანება“, - გვითხრა ოკუპირებულ ქალაქ გალში მცხოვრებმა ციალა არონიამ, რომელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ.

მისგან განსხვავებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრმა, ქეთევან გოგიამ, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოასწრო. მისი შვილები ზუგდიდში ცხოვრობენ: „ყველა განვიცდით, ვისაც შვილები აქეთ გვყავს. ჩვენ სოფელში რამენაირად დავიცავთ თავს ვირუსისგან. ხშირად არ ვმოძრაობთ. ახლა გადმოვედი, წამლები რომ შევიძინო“.

ქეთევან გოგიას სამედიცინო პრეპარატების გარდა, პირბადის შეძენაც სურდა, მაგრამ ვერ შეძლო. ზუგდიდის აფთიაქებში ნიღბების მარაგი 27 თებერვალს, დილით ამოიწურა.

რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ზუგდიდელების ნაწილი ამბობს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, შეძლებისდაგვარად ცდილობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებას. რუსუდან ბიგვავას დაკვირვებით, ქალაქში პანიკა ჯერჯერობით არ იგრძნობა: „თვითონ ადამიანებმაც უნდა დავიცვათ ერთმანეთი. ზოგადად, როცა ხარ სიცხიანი, გრიპიანი, ვირუსიანი, სახლში დარჩი, ოთახი გაანიავე. როცა უკეთ გახდები, მერე შედი მეზობელთან და გადი საზოგადოებაში“.

XS
SM
MD
LG