ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მიღების შემდეგ, ჩამონათვალში არცერთი პირი აღარ შეუყვანია.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ დაასახელა კონკრეტული გვარები, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილზე ვიდეოკამერით გადაღებული პირები. კაპანაძის თქმით, სიაშია გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად მსჯავრდებული აფხაზი „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯი-ოღლი, თუმცა, დღემდე არ არიან: „ქაჯაია, ცვეიბა, კუტოღლი, კვეკვესკირი, კორტენკო, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ვიცით, რომ მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა, მაგალითად, წაიყვანა საერთოდ, კანჯი-ოღლი იმ ადგილიდან“.
სერგი კაპანაძის განცხადებითვე, სიაში დღემდე არ არიან რუსეთის ფედერაციის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ხელმძღვანელობენ ახალგორსა და ცხინვალში მდებარე სამხედრო ბაზებს და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები არიან.
„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არც იმაზე ფიქრობს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებელი პირები. სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება არც შესაბამის გამოძიებას ატარებს, რაც პირდაპირი გამოვლინებაა იმისა, რომ თავის დროზე სია მიიღეს მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის ივნისში გაუგზავნა დადგენილება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და შესაბამისი ზომების თაობაზე. სიაში შეიყვანეს 33 პირი, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობის, გატაცების, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის და ამ დანაშაულთა დაფარვის გამო.