Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერებათა აკადემიამ „ფეისბუკის“ გვერდიდან წაშალა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის მითითებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მეცნიერებათა აკადემიის „ფეისბუკის“ გვერდიდან წაშალა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა.

„უამრავი გინება იყო. 200 კომენტარი იყო უკანასკნელი დედის გინებით. მილოცვა წავშალეთ, აბა რა გვექნა?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მეცნიერებათა აკადემიის სახელით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა და აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ მიულოცეს.

„ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ, თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - ეწერა მეცნიერებათა აკადემიის მილოცვაში.

ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე, როგორც რაგბის მეცენატს, უკვე მიულოცა რაგბის კავშირმა.

მოძრაობა 20/30-ის წევრებმა კი რუსთაველის თეატრის წინ "ვარსკვლავი გაუხსნეს".

18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა.

XS
SM
MD
LG