Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა


ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ბოიკოტი გამოუცხადა პლენარულ სხდომას, რომელზეც კენჭი უნდა უყარონ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილ ირაკლი შოთაძეს.

„ვემიჯნებით ამ პროცესს და ვთვლით, რომ ის, რაც ხდება დღეს - საუბარია ირაკლი შოთაძის მეორედ მობრუნებაზე ამ სახით პარლამენტში - და ყველაფერი ის, რაც რეალურად ჩვენ ვიხილეთ, როდესაც გადაწყვეტილება არის პოლიტიკური წინასწარ მიღებული და შემდგომში უბრალოდ, სამწუხაროდ, პარლამენტი რაღაც ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა რეალურად მთელს ამ პროცესში - ჩვენ ამ პროცესს ვემიჯნებით და ბოიკოტის სახით გამოვხატავთ ამ ჩვენს ნაბიჯს“, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ აერთიანებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილ წევრებს: მარიამ ჯაშს, ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, გედევან ფოფხაძეს, კობა ნარჩემაშვილსა და ზვიად კვაჭანტირაძეს. ფრაქცია აპროტესტებს პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას.

შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. ირაკლი შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

XS
SM
MD
LG