18 თებერვალი ბიძინა ივანიშვილის - საქართველოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი კაცის დაბადების დღეა, კაცისა, რომელსაც ყველაზე მარტივი ოცნების ასრულება არ შეუძლია!
ალბათ, გახსოვთ, ოცნება იგი მებაღეობას უკავშირდება!
შორიდან მოვუაროთ, რათა შინ მშვიდობით მივიდეთ...
2013 წლის ოქტომბერში, როცა ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ ჰქონდა მოჭარბებული ნდობა და ღვთის საჩუქრად აღიქმებოდა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა გვითხრა, რომ მოქალაქეების უმრავლესობას სწორი ანალიზის უნარი არ აქვსო. მერე, წლების შემდეგ, როცა ნდობამ დაიკლო და მკაფიოდ გაისმა უკმაყოფილოთა ხმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: რომ გვქონოდა არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, წავიდოდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკაშიო... ანუ წავიდოდი, მაგრამ, რადგან სწორი ანალიზის და, შესაბამისად, სწორი არჩევნის გაკეთების უნარი არ გაქვთ, ვერ წავალო. არადა, წასვლა სულ უნდოდა, მოსვლამდეც წასვლა უნდოდა, სულ ამაზე ოცნებოდა... აკი, ამერიკულ გამოცემა „ბლუმბერგსაც“ გაუმხილა (30.11.2019) სანუკვარი ოცნება, მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავიო, უბრალო მებაღეო...
როგორი ამბავია, „ქართული ოცნების“ მთავარ შემოქმედს, სხვათა ოცნებების ამსრულებელს, რომ ასეთი უბრალო, მაგრამ აუხდენელი ოცნება აქვს?
ისე, ვინ იცის, მართლა მებაღე რომ იყოს, იქნებ, უკეთ დაენახა შექმნილი ვითარება?
ვიდრე მებაღეობაზე ოცნება აუსრულდება, ჩვენ დავიხუროთ ჭილის ქუდი, გავიკეთოთ წინსაფარი, მოვიმარჯვოთ სასხლავი მაკრატელი და დავაკვირდეთ მოვლენებს: როგორია მებაღის თვალით დანახული პოლიტიკური ვითარება? რა ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს? ვის რა შანსი აქვს?
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ერთი ცალკე მდგომი, მაგრამ ყველაზე დიდი ხეა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ამ სამიოდე წლის წინ გადაიტანა გემით თავის დენდროლოგიურ პარკში, ერთგვარი liriodendron tulipifera, რაზეც მეტყველებს კიდეც NDI-ის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი (20%) რეიტინგი აქვს. ეს ხე ადრე უფრო დიდი იყო, ადრე უფრო მსხვილი მერქანი და ტოტები ჰქონდა, ადრე უფრო ხშირი ფოთლებით იყო დაფარული და მისი ჩრდილიც უფრო შორს ეცემოდა, მაგრამ დრომ და პოლიტიკურმა ქარტეხილებმა თავისი კვალი დაამჩნია მას: ჯერ დაიშალა მმართველი კოალიცია, შემდეგ კი ცალკეულმა წევრებმა დატოვეს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდად არც ტოტების დალეწვამ შეაშფოთა და არც, მით უფრო, ფოთლების დაცვენამ. სწორედ ასეთად აღიქვა ყოფილი თანამებრძოლების გასვლა ჯერ კოალიციიდან, შემდეგ კი მმართველი პარტიიდან.
სხვა ამბავია, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც რვა წლის განმავლობაში შესამჩნევად აიყარეს ტანი და ერთგვარ მოშრიალე კორომად იქცნენ. იმავე NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, გაიზარდნენ: „ნაციონალური მოძრაობა“ (13%), „ევროპული საქართველო“ (8 %), „ლეიბორისტულ პარტია“ (5 %), „ახალი საქართველო“ (3 %), „ერთიანი საქართველო“ (3%), „გირჩი“ (2 %).
აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაცვენილი ტოტები და ფოთლებიც (განდგომილი დეპუტატები) ოპოზიციის ტყეში ცვივა და, ახალ ნერგებად ქცევის პერსპექტივა თუ არ აქვთ, ნეშომპალით მაინც ამდიდრებენ ოპოზიციურ ნიადაგს.
მებაღე რომ იყოს, მისთვის ყველაფერი ცხადი იქნებოდა!
მებაღის თვალთახედვა არსებითად პროპორციულია და მასში თვალსაჩინოდ ჩანს, თუ როგორი მრავალფეროვანი პოლიტიკური ფლორა გვაქვს, მაშინ როცა მოქმედი საარჩევნო სისტემა გვეუბნება, რომ ჩვენი ტყე ერთადერთი liriodendron tulipifera-სგან შედგება!
გეგულებათ მებაღე, რომელიც ამ რეალობას მიიღებდა? რომელიც ტყეს ვერ დაინახავდა?
არ დაგვავიწყდეს, ტყეს გაბრაზებაც შეუძლია და - ბრძოლაც. გავიხსენოთ შექსპირი, მაკბეტისა და ფეხადგმული ბირნამის ტყის ამბავი, მაკბეტის დაგორებული თავი...
მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავიო...
იქნებ, არ იყოს გვიანი! დაბადების დღეს ხომ ყველაზე არაგულწრფელი ოცნებებიც კი შეიძლება ასრულდეს?!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.