აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას. საელჩოს განცხადებაში საუბარია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგზე და ნათქვამია, რომ ოპოზიციის ლიდერის დაკავება მას რისკის ქვეშ აყენებს.
„აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:
„აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.
დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.