ოპოზიციის მიერ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის პარლამენტის სესიასთან დაკავშირებას სპეკულაცია უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს და თქვა, რომ ამ ტრაგედიის გამო ბევრი დასკვნაა გასაკეთებელი.
„ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან არაფერი კავშირი არ აქვს და არც იყო მოსალოდნელი. რამე მორალურობაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია“, - უთხრა მედიას ვოლსკიმ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის წინ.
ოპოზიციურმა პარტიებმა გააუქმეს პარლამენტთან დღეს დილისთვის დაგეგმილი პიკეტირების აქცია. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მიზეზად დაასახელა ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის დაღუპვა და პარლამენტს მიმართა, დღევანდელი სხდომა გადაედო.
ბაღდათში მომხდარს უდიდესი ტრაგედია უწოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ: „საქართველოს პარლამენტს ბუნებრივია, საზეიმო არაფერი აქვს. აქ საუბარია კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებაზე. კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ თებერვლის პირველ სამშაბათს ვალდებული ვართ გავხსნათ სესია“.