საქართველომ დროებით შეწყვიტა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში მიზეზად დასახელებულია საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენცია.
საქართველოს გადაწყვეტილება უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე.
ამასთან, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს ჩინეთში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებშივე, ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, შესაბამის უწყებებს აწვდის ინფორმაციას ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. რეისებს ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ ასრულებს.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV.
29 იანვრის მდგომარეობით, ჩინეთში გარდაცვლილია 132 ადამიანი და ინფიცირებულია 5974.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დადასტურებულია ათზე მეტ ქვეყანაში. 28 იანვრის საღამოს მდგომარეობით, საერთო ჯამში 50-მდე შემთხვევა გამოვლენილია ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.