Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი.

„რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიკროავტობუსით გადავიდა ათამდე პენსიონერი. ე.წ. საზღვარზე გაატარებენ კიდევ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებსაც ე.წ. საშვი აქვთ.

პენსიონერების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ.

სოფელ ოძისში, ქართული პოლიციის საგუშაგოს გავლის შემდეგ, ახალგორელები გაემგზავრებიან წეროვანში მდებარე დევნილთა დასახლებისკენ, სადაც მათი ოჯახის წევრები და ნათესავები ცხოვრობენ. ახალგორელები ხუთი თვის განმავლობაში დაგროვილი პენსიის აღებასაც შეძლებენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს. ე.წ. საზღვრის დაკეტვით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიის და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG