Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილი გახარიას. სრული ტექსტი ქართულად


საქართველოს მთავრობამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

წერილის შესახებ გუშინ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით გახდა ცნობილი.

წერილში, რომელიც 21 იანვრით არის დათარიღებული, გამოხატულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო.

გთავაზობთ წერილის არაოფიციალურ თარგმანს სრულად:

ბატონო პრემიერ-მინისტრო გახარია,

გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისკენ და დასავლეთში ინტეგრაციისკენ. თუმცა, როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა თქვენს წინაშე 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში უკვე გამოვხატეთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქმულიყო დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამასთან დაკავშირებული ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენში განგაშს იწვევს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზება.

მაშინ, როცა საქართველო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ კვლავ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველჰყოთ მისი დაცულობა როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეისბუკს მოუწია „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელის დახურვა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, როგორც სჩანს, ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, უბრალოდ მიუღებელია.

ამავე დროს, ჩვენ გვაშფოთებს ცნობები, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ ძველ საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საქმეების ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს ღირებულება, სხვები კი აღქმულია, როგორც, წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, ახალი ამბების მწარმოებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის - რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ გასცა.

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართველი ხალხის მძლავრ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოცემული იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკის ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ კლებას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოში, იმ ფონზე, როცა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს, რის გამოც ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნესწამოწყებები.

ამასთან, აღქმამ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სამიზნედ აქცევს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ახლა უკვე შეაჩერა არსებული ან გააჩერა შესაძლო ინვესტიციები ამერიკული კომპანიების მხრიდან ამ მნიშვნელოვან პროექტში. ეს ტენდენციები, როგორც სჩანს, ირეკლავს მზარდად არაკეთილმოსურნე ბიზნეს გარემოს და მათ გამო შესაძლოა აშშ-სგან სამომავლო ინვესტიციებიც გაჩერდეს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს და მათ იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თაობაზე, არამედ ასევე აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს უმნიშვნელოვანესი ჰაბი აშშ-დან ევროპასა და შუა აზიაში, და პირიქით მოძრავი საქონლისთვის, რაც წაადგებოდა საქართველოს ეკონომიკას.

ამ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების და კონგრესის დერეფნებში საქართველოს მიმართ არსებულ, ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერაზე უარყოფითი გავლენის არდაშვების იმედებით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა ითანამშრომლებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გაფართოების მიზნით, რათა საქართველომ კვლავაც, ბევრი სამომავლო წლის განმავლობაში შესძლოს იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი, ასევე საგარეო კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და იმავე კომიტეტის მთავარი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი.

XS
SM
MD
LG