Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვართან დაკავებულ მოქალაქეს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა


2008 წლის ომის დროს დანგრეული სახლი სოფელ ზარდიაანთკარში
2008 წლის ომის დროს დანგრეული სახლი სოფელ ზარდიაანთკარში

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებ გენადი ბესტაევს. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. 29 ნოემბერს, ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გენადი ბესტაევის ნათესავები ამ ბრალდებას გამოგონილს უწოდებდნენ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას გენადი ბესტაევის დასახმარებლად საკმარისი ძალისხმევა არ გამოუჩენია: „პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები აღნიშნული საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად: „ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს“.

გენადი ბესტაევის საცხოვრებელი სახლი სოფელ ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და მის ეზოში მავთულხლართებია გავლებული. გასული ორი წლის განმავლობაში, გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ოთხჯერ დააკავეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ნოემბერში დაკავების შემდეგ, მას ბრალად დასდეს ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულიც - ნარკოტიკის კონტრაბანდა.

გენადი ბესტაევის მსგავსად, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსით, საზღვრის განზრახ დარღვევის მუხლით გაასამართლა ახალგორის რაიონში 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც და ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 2019 წლის 28 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის „შეწყალების“ შედეგად გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG