Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის და რატომ ელოდება გენპროკურორის პოსტი


გენერალური პროკურორის პოსტზე დაბრუნებით „ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძეს ერთგულ მსახურებას უფასებს; პარტია თადარიგს იჭერს 2020 წლის მძიმე არჩევნებისთვის; ხელისუფლებაში საკადრო კრიზისია - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების ძირითადი შეფასებები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხმამაღალი მხარდაჭერის ფონზე, ეჭვი უკვე თითქმის აღარავის ეპარება, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმის გამო გადამდგარი შოთაძე ისევ დაბრუნდება.

ირაკლი შოთაძის მიმართ საქებარ სიტყვებს არასოდეს იშურებდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილ-შოთაძის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც ლაპარაკობდა.

რატომ უჭერენ მხარს შოთაძეს?

ირაკლი შოთაძე თავადაც მზად არის, დაბრუნდეს გენერალური პროკურორის პოსტზე და ამ სურვილის მხარდასაჭერად მზადაა საპარლამენტო უმრავლესობაც.

„არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში (საპროკურორო საბჭოს მიერ) განსახილველად და ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, - თქვა 17 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ირაკლი შოთაძეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:57 0:00

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ირაკლი შოთაძეს ღირსეულ, პატიოსან, პროფესიონალ ადამიანად მოიხსენიებს და ღია მხარდაჭერას უცხადებს.

  • „მთავარი პროკურორის პოზიციაზე მისი საქმიანობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო გამოძიებული - ეფექტურად, დროულად“, - არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე;
  • „მის პერიოდში საკმაოდ საინტერესო რეფორმები განხორციელდა, ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა და საკმაოდ ბევრი საქმეა სწორად წარმართული სასამართლოში“, - გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
  • „მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც“, - გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი;
  • „ირაკლი შოთაძემ მართალია მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ, არ მომწონდა... ეს პოზიცია მას შემდეგ არასდროს შემიცვლია“, - თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა - „ხორავას ქუჩის“ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ.

როგორც ოპოზიციონერი პარლამენტარები იხსენებენ, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მოთხოვნით დატოვა. როგორც უმრავლესობის რიგებიდან წასული დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი ეუბნება ტელეკომპანია „პირველს“, უმრავლესობის ასეთმა დამოკიდებულებამ მაშინ ძალიან გააბრაზა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ახლად დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი და შოთაძე

ფაქტია, რომ ირაკლი შოთაძე ყოველთვის სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილის დიდი მოწონებით.

მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში“, - განაცხადა ივანიშვილმა 2018 წლის 31 მაისს და შოთაძის გადადგომას - „უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი“ უწოდა.

იმ ხანად ყოფილი პრემიერ-მინისტრის რანგში, ბიძინა ივანიშვილმა შოთაძე შეაქო 2015 წლის ნოემბერშიც. მან ასევე ღიად მოიწონა ირაკლი შოთაძის დამტკიცება გენერალური პროკურორის პოსტზე.

„უნიკალური ვერავინ ვერ იქნება და უმწიკვლოც ვერავინ ვერ იქნება... ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით... პროკურორს აღარ შეეშინდება არც პრემიერის და არც, ვთქვათ, პარტიის წევრების და მას შეუძლია კანონს მოემსახუროს“.

ემსახურებოდა თუ არა ირაკლი შოთაძე კანონს?

თუკი „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მონათხრობით ვიმსჯელებთ, ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილს უფრო ემსახურებოდა.

2019 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ხაზარაძემ გაიხსენა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შორის დავას სოლოლაკში, საკუთარ სახლში „პატარა სახელმწიფოს“ როლში მყოფი არჩევდა და ამ შეხვედრაში მონაწილეობდა იმხანად მოქმედი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

პროკურატურის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, ხაზარაძის მონათხრობის ნამდვილობაში ეჭვი თითქმის საერთოდ არ ეპარება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადვოკატს, ლია მუხაშავრიას.

„გრძელდება საბჭოთა ეპოქის მავნე ტრადიცია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაიბარებდნენ პროკურორს და ისინი საქაღალდეებით მიდიოდნენ და ანგარიშებს აბარებდნენ... ბიძინა ივანიშვილმა ისე კარგად იცოდა, მაგალითად, „კაბელების საქმის“ დეტალები, რომ ჩანდა, მასაც ანგარიშს აბარებდნენ პროკურატურიდან... ამ მავნე ტრადიციის შეცვლა არცერთ ხელისუფლებას არ უცდია... არასოდეს გვყოლია პროკურორი, რომელსაც დაიბარებდნენ და ის ეტყოდა - კანონს ვერ დავარღვევ, არ მოვალო“, - ეუბნება მუხაშავრია რადიო თავისუფლებას.

სხვა ბევრის მსგავსად, ლია მუხაშავრიაც ფიქრობს, რომ „ერთგულებაში გამოცდილი“ მთავარი პროკურორის დაბრუნებით „ქართული ოცნება“ თადარიგს იჭერს 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელსაც მძიმე მოლოდინები უკავშირდება:

  • „არჩევნების გამო, წელს მოსალოდნელია საზოგადოებრივი მღელვარება, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა“;
  • „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ სამართალდამცველი უწყებები სრულ მზადყოფნაში ჰყავდეს“.

რატომ არ უნდა დაბრუნდეს ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი იმთავითვე გამოკვეთა „ხორავას ქუჩის“ საქმეზე მომუშავე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ. კომისიის წევრები ამბობდნენ, რომ შოთაძე ხელს უწყობდა ამ საქმის „შეკერვას“.

მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ამჟამინდელი განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, მესამე სექტორი შოთაძის დაბრუნების წინააღმდეგი დიდწილად სწორედ „ხორავას ქუჩის“ საქმის გამოა.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას:

  • „ხორავას ქუჩის“ საქმე ამ დრომდე არ არის ბოლომდე გამოძიებული და არ არის დადგენილი, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ იმდროინდელ თანამდებობის პირებს;
  • შესაბამისად, ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნება ნიშანი იქნება იმისა, რომ ხელი შეეშლება ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

„შოთაძის პროკურატურის პრობლემა იყო, რომ ის ვერ ან არ იძიებდა და არ იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ იქნებოდა პოლიტიკურად პოპულარული მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის... მისი დაბრუნება არ გააჩენს იმის განცდას, რომ პროკურატურის საქმიანობა უკეთესობისკენ შეიცვლება“, - ამბობს იმნაძე.

როცა „ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძეს მძიმე საქმეების ეფექტიან გამოძიებას უწონებს, არასამთავრობო სექტორი იხსენებს ირაკლი შოთაძის გენპროკურორობის დროს გამოუძიებელ არაერთ ხმაურიან საქმეს, რომელსაც საზოგადოების დიდი ინტერესი უკავშირდებოდა; მათ შორის, მაგალითად:

  • თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, გამოძიების პროცესში გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევებით;
  • ბაქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან სავარაუდო გატაცების საქმე.

„ჩანდა, რომ ირაკლი შოთაძე ყოველთვის იყო ხელისუფლების გავლენის ქვეშ... მას მხარდაჭერაც იმიტომ აქვს, რომ მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, გია გვილავა. ის არ ეთანხმება ზოგიერი ოპოზიციური პარტიის მოსაზრებას, რომ „ქართულ ოცნებას“ ირაკლი შოთაძის დაბრუნება შესაბამისი კადრების ნაკლებობის გამო უნდა.

როცა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე გადამდგარი გენერალური პროკურორი შესაძლოა უკან დაბრუნდეს, ეს არ ნიშნავს კადრების ნაკლებობას... ეს ცალსახად არის პოლიტიკური ნება“.

გვილავა ფიქრობს, რომ შოთაძის საკითხი, დიდი ალბათობით, უკვე გადაწყვეტილია, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი ახლა სრულიად ფორმალური სახისაა და ასევე იქნება პარლამენტშიც. შესაბამისად, თუკი ირაკლი შოთაძე მართლაც დაბრუნდება, „ეს იქნება ერთგვარი პასუხი იმ პროტესტის მიმართ, რომელიც საზოგადოებამ მაშინ გამოხატა... ეს ერთგვარი შურისძიებაც არის“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG