Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კელი დეგნანის მიერ ფიცის დადებას "ფეისბუკში" გამოეხმაურა. „მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“, - აღნიშნულია ფეისბუკის პოსტში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა. 19 დეკემბერს აშშ სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

კელი დეგნანი ოფიციალურიად აშშ-ის ელჩის მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოში რწმუნებათა სიგელს გადასაცემს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და საქართველოში ელჩად დანიშვნამდე მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

XS
SM
MD
LG