Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანას ბაღის“ პროტესტი - დაკავებულია ექვსი პირი


ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, შპს “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” სამშენებლო ტექნიკა 9 იანვარს, დილიდან გამოჩნდა.კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკის გამოჩენას, ხმაური და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ისინი ბაღის მიმდებარედ ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ვარკეთილში დილიდან იყვნენ მობილიზებულები სამართალდამცავები და “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას შსს ცნობით, დააკავეს ექვსი პირი. ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ათსართულიანი კორპუსი, რომლის აშენებასაც “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი” სკვერის მიმდებარედ გეგმავს, „ანას ბაღს“ ჰაერის, ხოლო მოსახლეობას, „ანას ბაღის“ გარეშე დატოვებს. მათი თქმით, ათსართულიანი კორპუსის მშენებლობის შემთხვევაში, „ანას ბაღი“ საცხოვრებელი კორპუსების ჩიხში მოექცევა და ვარკეთილი დაკარგავს კიდევ ერთ რეკრეაციულ ზონას:

„სად წავიყვანოთ ბავშვები, სად გავასეირნოთ, ჰაერს აღარ გვიტოვებენ, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის ვიბრძვით და სხვა არაფრისთვის“, - ამბობენ ადგილობრივები.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობა, რომელიც კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს: "მათი მცველები არიან ლევან ხაბეიშვილი, ნატა ფერაძე, გიგა მაქარაშვილი, მიშა მშვილდაძე და ა.შ. აქ სიტუაციის დრამატიზირებას აზრი არ აქვს. კანონი აღსრულდა. სამართალმა იზეიმა. ტერიტორიაზე შევიდა სამშენებლო კომპანია და ისინი მუშაობენ".

მოსახლეობის პროტესტი „ანას ბაღის“ გადასარჩენად, სამი წელია გრძელდება. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა.

2018 წელს ადგილობრივებმა საჩივრით მიმართეს მერიას. ისინი დოკუმენტში მიუთითებდნენ, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიკეტება ბაღის შესასვლელი და კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას.

2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის საჩივარი და ბათილად ცნო არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა.

თუმცა,“ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა” ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

9 იანვარს „ანას ბაღის“ მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ძველი ადმინისტრაციის დროსაა გაცემული.

„ამის მიუხედავად, როგორც კი მუნიციპალიტეტში საჩივარი შემოვიდა, ჩვენ პროექტი გავაჩერეთ. მერიაში პროექტის ურბანული და არქიტექტურული შესწავლა მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი სამართლებრივად გამართულია. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ბერკეტი, რომ მშენებლობა შეგვეფერხებინა. ამიტომ, როგორც კი მორატორიუმის ვადა ამოიწურა, მუშაობა გაგრძელდა. ახლა უკვე ამ მშენებლობის ბედი დეველოპერის მხრიდან კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია თავად გააჩეროს პროექტი, ან არის მეორე გზა, მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ამ ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს, სასამართლოს მიმართოს“, - ამბობს ირაკლი ზარქუა.

„ანას ბაღის“ სამეზობლო პერმანენტულ საპროტესტო რეჟიმზე გასული წლის ნოემბრიდან გადავიდა. მშენებლობისათვის შემოღობილი სივრცის ერთ-ერთ კედელთან გაიშალა კარავიც, სადაც მოსახლეობა 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს.

"ანას ბაღთან" საპროტესტო აქცია გრძელდება.

XS
SM
MD
LG