Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივს“ გადაცემების რუსულ ენაზე განთავსებისთვის სანქცია დაადო


ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივი“ გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით 19 დეკემბერს მიმართა „მედიის განვითარების ფონდმა”.

„გადაცემას, რომელიც ეთერში ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადის, ვალერი კვარაცხელია მოწვეულ სტუმრებთან ერთად რუსულ ენაზე უძღვება. რუსულად საუბრობენ „ობიექტივის” კიდევ ერთ გადაცემაში სახელწოდებით „Неделя”, რომელსაც ვასილ კაპანაძე უძღვება", - მიუთითებდა „მედიის განვითარების ფონდი".

კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.

XS
SM
MD
LG