Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა


ანდრია სარია
ანდრია სარია

მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების იმედი ჰქონდა, თუმცა რადგან რეალობას აცნობიერებს, ამაში დარწმუნებული არ ყოფილა. „საბოლოო ჯამში ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა“ , - აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა. მისი თქმით, დეკანოზთან საუბრის მთავარი თემა მისი ავადმყოფობა იყო. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა:

„როგორც გუშინ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში შეუძლებელია მკურნალობის გაგრძელება. ეს არის, რომ ადამიანის დაინვალიდებას შეუწყონ ხელი.

როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს, იგივე ანალოგიურად შემიძლია მეც გავიმეორო, რაც ჩემი თვალით ვნახე - ეს არის ნამდვილად გაწირვა ადამიანისა. გაწირვა, როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩემი პირადი განწყობილება“, - მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ფიქრობს, რომ დეკანოზ მამალაძეს სერიოზული მკურნალობა სჭირდება და ეს უნდა უზრუნველყოს ეკლესიამაც.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. 2020 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

XS
SM
MD
LG